საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ე.წ. "აგენტების კანონის" მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია.
„ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობაში, ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ ურთულეს პერიოდს გავდივართ. არაერთხელ ვთქვით, რომ უცხოური გავლენის შესახებ მოქმედი კანონი არახელსაყრელ ეფექტს მოახდენს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე. სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომდევნო კვირაში ევროკავშირი განიხილავს შედეგებს, დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, რამდენიმე დღის შემდეგ კი, ლიდერების დონეზე.
პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ, რა ზომებს მივიღებთ საქართველოში ამ მოვლენებზე საპასუხოდ. ამ კანონმა საქართველოს წინსვლის პერსპექტივაზე უდავოდ უარყოფითად იმოქმედა. ამ კანონის მიღებამ გაყინა საქართველოს ევროინტეგრაცია. როგორც იცით, ევროკავშირში ინტეგრაცია საჭიროებს ერთსულოვნებას. ჩვენ უკვე მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის საჯარო განცხადებები, რომ ისინი წინააღმდეგი იქნებიან საქართველოსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, თუკი ეს კანონი ამოქმედდება, ის უკვე ამოქმედდა და შედეგები მომდევნო კვირაში გახდება ცნობილი“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, პაველ ჰერჩინსკიმ.