პარიზის აეროპორტში მესინჯერ Telegram-ის შემქმნელი, რუსი ბიზნესმენი პაველ დუროვი დააკავეს.
ბიზნესმენი პარიზის დროით 20:00 საათზე ლე ბურჟეს აეროპორტში საკუთარი თვითმფრინავით დაეშვა. 39 წლის დუროვი პოლიციამ ასაფრენ ბილიკზე დააკავა.
დუროვი საფრანგეთში ძებნილი იყო და პარიზში აზერბაიჯანიდან გაფრინდა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ბიზნესმენის დაკავების მიზეზი Telegram-ის სერვისები გახდა, რომლებიც კავშირშია ნარკოტიკების რეალიზაციასთან, პედოფილური მასალის გავრცელებასთან და თაღლითობასთან. დუროვმა მესინჯერის ბაზიდან დანაშაულის დამამტკიცებელი შესაბამისი მასალების წარდგენაზე უარი თქვა.
დუროვისა და მისი ძმის მიერ შექმნილი აპლიკაცია Telegram ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდა. პროდუქტი პოზიციონირებს, როგორც ყველაზე დაცული მესინჯერი, რომლის მონაცემთა ბაზებთან წვდომა არავის აქვს. გარდა ამისა, სხვა პლატფორმებისგან განსხვავებით, Telegram არ ეწევა მომხმარებელთა მონაცემების კომერციულ ექსპლუატაციას. კომპანიამ პირობა დადო, რომ საკუთარი მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას არასდროს გასცემს.
2023 წლის ინტერვიუში დუროვმა თქვა, რომ დაცული მესინჯერის შექმნის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში მიმოწერის შემდეგ სამართალდამცველებთან პრობლემები შეექმნა.
დუროვმა რუსეთი 2014 წელს დატოვა, გამომგონებლის თქმით, მიზეზი რუსეთის სპეცსამსახურების ზეწოლა გახდა, რომლებიც მას ევრომაიდნის მონაწილე უკრაინელი აქტივისტების პირადი მონაცემების გადმოცემას სთხოვდნენ. მოგვიანებით ბიზნესმენმა ჯერ გაერთიანებული არაბთა საამიროების, შემდეგ კი საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.