პაკისტანში საარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს რეჰან ზებ ხანი, დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი მოკლეს. მას ბაჯაურის რეგიონში ბაზარში ყოფნისას მანქანაში ცეცხლი გაუხსნეს. დაშავებულია 3 სხვა ადამიანი.

არჩევნები 8 თებერვალსაა დანიშნული და, ამგვარად, მკვლელობა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ ხორასანის ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS-K) აიღო.

გარდაცვლილი კანდიდატი პაკისტანის ყოფილ პრემიერმინისტრ იმრან ხანის პარტიასთან, პაკისტან თეჰრიკ-ე-ინსაფ-თან (PTI), არის დაკავშირებული.

პაკისტანის საარჩევნო კომისიის (ECP) გადაწყვეტილებით, PTI-ს საკუთარი პარტიული ლოგოს გამოყენება აეკრძალა, რის გამოც მის კანდიდატებს არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატებად რეგისტრირება მოუწიათ.

უკანასკნელ კვირებში ეს მეორე შემთხვევაა, როცა პაკისტანში დამოუკიდებელი საარჩევნო კანდიდატი თავდასხმას ემსხვერპლა. მანამდე, 10 იანვარს, კარდაკარ სიარულისას კანდიდატი მალიკ კალიმ ულაჰი მოკლეს.