დაახლოებით სამი საათის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში კვლავ გააკრიტიკა შვედეთი და მისი პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი.
„ჩვენ თანავუგრძნობთ შვედ ხალხს - ისინი ქაოსში არიან ჩარჩენილები, ხოლო მათი ლიდერები დროს თითის გაშვერაში ხარჯავენ.
მოდით, ფაქტებს გადავხედოთ:
უნგრეთი: 0 აფეთქება, 0 არალეგალური მიგრანტი, 132 კონტრაბანდისტი დააკავეს, 16 000 არალეგალური მიგრანტი დააკავეს მხოლოდ 2024 წელს. უსაფრთხოება, წესრიგი, ყველაფერი კონტროლის ქვეშაა.
შვედეთი: 317 ბანდებთან დაკავშირებული აფეთქება 2024 წელს, 32 ამ წლის იანვარში, 62 000 კრიმინალურ ქსელებთან დაკავშირებული პირი, 8 935 არალეგალური მიგრანტი, იარაღით მკვლელობის მაჩვენებელი 4 მილიონზე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 1.6-ის წინააღმდეგ.
⚖️ @შვედეთის პრემიერ-მინისტრი
აღიარებს: „სრულიად ნათელია, რომ ჩვენ არ გვაქვს კონტროლი ძალადობის ამ ტალღაზე“.
კანონი და წესრიგი ინგრევა, მაგრამ ისინი კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავენ.
ეს ქაოსი არ უნდა იყოს ევროპის მომავალი, ჩვენი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“- წერს ვიქტორ ორბანი.
შვედეთის და მისი პრემიერ-მინისტრის კრიტიკის შემცველი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ახალი ტვიტის შესახებ შვედურმა მედიამ დაუყოვნებლივ აუწყა მკითხველს და აღნიშნა, რომ უცნობია, საიდან მოაქვს სტატისტიკა ვიქტორ ორბანს, თუმცა X-ზე ამ უკანასკნელს წყაროების ჩამონათვალი აქვს გამოქვეყნებული. მოგვიანებით, აღნიშნულმა სააგენტომ ინფორმაცია შეასწორა და დაწერა, რომ ვიქტორ ორბანმა თავის ტვიტს წყაროების ჩამონათვალი დაამატა და ტვიტში სწორადაა ციტირებული შვედეთის პრემიერ-მინისტრი. სხვა სააგენტომ, კერძოდ, „ექსპრესენმა“ კი დაწერა:
„„2024 წელს 317 ბანდებთან დაკავშირებული აფეთქება“: პოლიციის სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს შვედეთში 129 აფეთქება მოხდა. მცდელობებისა და დაგეგმილი აფეთქებების ჩათვლით, რიცხვი 317-ია. გაურკვეველია, თუ რამდენი მათგანია ბანდებთან დაკავშირებული.
„იანვარში 32 აფეთქება“: სიმართლეს არ შეესაბამება. პოლიციის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში შვედეთში 23 აფეთქება მოხდა.
„62 000 ადამიანი დაკავშირებულია კრიმინალურ ქსელებთან“: სიმართლეა, პოლიციის მიერ 2024 წლის თებერვალში მომზადებული სიტუაციური ანგარიშის თანახმად. ანგარიშში ნათქვამია, რომ კრიმინალურ ქსელებთან დაკავშირებული 62 000 ადამიანიდან 14 000 აქტიურად ითვლება.
„8 935 არალეგალური იმიგრანტი“: ამ ციფრის წყარო გაურკვეველია. შესაძლოა, ის მომდინარეობდეს შვედეთის მიგრაციის სააგენტოს მიმდინარე წლის მარტიდან მოწოდებული ანგარიშიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ დაახლოებით 9 000 ადამიანს აქვს გახსნილი დაბრუნების საქმე, ანუ საქმეები, როდესაც პირს უარი ეთქვა შვედეთში შესვლაზე ან მისი დეპორტაცია გადაწყდა, მაგრამ ჯერ არ დაუტოვებია ქვეყანა.
„ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის შედეგად სიკვდილიანობის 4 შემთხვევა მილიონ მოსახლეზე, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც 1.6-ს შეადგენს“: ეს სიმართლეა Brå-ს 2021 წლის ანგარიშის თანახმად“.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანმა 15 სექტემბერს სოციალურ ქსელში დაწერა: „შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე გვიკითხავს ლექციებს, ამასობაში, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ და ოდესღაც წესრიგით და უსაფრთხოებით ცნობილი ქვეყანა ინგრევა“ რის პასუხადაც შვედეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ეს ისეთი ტყუილია, თმები ყალყზე რომ დაგიდგება“.