ასეთი განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, ამ დილით პლატფორმა X-ზე გააკეთა.

„შვედეთის მთავრობა კანონის უზენაესობაზე ლექციებს გვიკითხავს. ამასობაში, Die Welt-ის სტატიის თანახმად, კრიმინალური ქსელები შვედ ბავშვებს მკვლელებად იყენებენ, რადგან იციან, რომ სისტემა მათ <ბავშვებს> არ დასჯის. ქვეყანა, რომელიც ოდესღაც წესრიგითა და უსაფრთხოებით იყო ცნობილი, ახლა ღრმა კრიზისშია: მკვლელობისთვის 280-ზე მეტი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს, ოჯახები კი შიშში ცხოვრობენ. ეს გულდასაწყვეტია. შვედი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების შესახებ მკითხველს აუწყა შვედეთის უდიდესმა ყოველდღიურმა ტაბლოიდმა Aftonbladet-მა, რომელიც კრიმინალების მიერ არასრულწლოვანთა, მათ შორის ათი წლის ბავშვების გადაბირების შესახებ, თავად არაერთხელ წერდა. რამდენიმე დღის წინ კი შვედური და საზღვარგარეთული პრესით გავრცელდა შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადება, რომლიც თანახმადაც, კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ბავშვების სოციალური მედიის საშუალებით გადაბირების და მკვლელებად გამოყენების შემთხვევების ზრდის გამო მთავრობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს ამჟამინდელი 15 წლიდან, სავარაუდოდ, 14 წლამდე შეამცირებს.

აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ორბანი ხშირად აკავშირებს ერთმანეთთან ქვეყნაში არსებულ კრიმინალურ სიტუაციას არალეგალურ მიგრაციასთან და აღნიშნავს ბრიუსელს და ბუდაპეშტს შორის არსებულ წინააღმდეგობას ამ უკანასკნელისადმი მიდგომებში. მისი თქმით, უნგრეთმა დაწოლას გაუძლო და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა. 

ამის შესახებ ის დღეს დილით ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტში წერს: 

ჩვენ ამდენი ხანია ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ევროპას არალეგალური მიგრაციისგან. ათი წლის წინ ოფიციალურად დავხურეთ საზღვრები. ბრიუსელში მაგიდაზე მუშტებს ურტყამდნენ და გვემუქრებოდნენ, დასავლეთის დედაქალაქებში კი გვარცხვენდნენ. მაგრამ ჩვენ, უნგრელები, მტკიცედ დავდექით. ჩვენ ჩავკეტეთ სამხრეთის საზღვარი და გამოვაცხადეთ, რომ მხოლოდ მათ, ვისაც ნებას დავრთავდით, შეეძლოთ უნგრეთის ტერიტორიაზე შესვლა

 და რა მოხდა ათი წლის განმავლობაში? საზოგადოებრივი უსაფრთხოება ბერლინში, სტოკჰოლმში, ვენასა და პარიზში ჩამოიშალა. მიგრანტები  ატერორებენ ხალხს. ტერორისტული თავდასხმები, ავტომობილების აფეთქებები და მკვლელობები ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ასობით ათასი ადამიანი ცოტა ხნის წინ ლონდონში მიგრაციის წინააღმდეგ დემონსტრირებას აწყობდა. ბრიტანელებს ყელში ამოუვიდათ. მათ სურთ დაიბრუნონ სამშობლო.

ამასობაში, უნგრეთი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გახდა. ჩვენ არასდროს მივეცემით თვითკმაყოფილებას, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: სიცოცხლისა და ქონების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დონე რეკორდულად დაბალია. არალეგალი იმიგრანტების რაოდენობა ნულის ტოლია.

არის ერთი ადგილი, სადაც არაფერი შეცვლილა - ბრიუსელი. ბრიუსელის ბიუროკრატებს კვლავ სურთ მიგრაციის მართვა და არა მისი შეჩერება. ყველა, ვინც მათ რიგში არ დგას, შანტაჟს და დასჯას განიცდის. უნგრეთი ყოველდღიურად ჯარიმდება მილიონი ევროთი.