გერმანიის კანცლერმა ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შემდეგ არალეგალი მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარება მოითხოვა. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ზოლინგენში ვიზიტისას თქვა, სადაც მან დანით თავდასხმის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო. გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ აღნიშნული თავდასხმა „ყველას წინააღმდეგ მიმართული ტერორიზმი“ იყო.

„ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, რათა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების რეპატრიაცია და დეპორტაცია, ვისაც არ შეუძლია ან არ აქვს უფლება, დარჩეს გერმანიაში“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

23 აგვისტოს ქალაქ ზოლინგენში თავდასხმის შედეგად, რომელშიც 26 წლის სირიელია ეჭვმიტანილი, სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. გერმანული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი გერმანიიდან ჯერ კიდევ 2023 წელს უნდა ყოფილიყო დეპორტირებული. ის დააკავეს მკვლელობისა და „ისლამურ სახელმწიფოს“ წევრობის ბრალდებით.

როგორც გაზეთი Die Welt-ი იუწყება, დუბლინის შეთანხმების თანახმად, მამაკაცი უნდა გაეძევებინათ ბულგარეთში, ქვეყანაში, სადაც მან პირველად გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი. სწორედ იქ უნდა განეხილათ მისი თხოვნა თავშესაფრის მინიჭების შესახებ. თუმცა სირიელი გერმანიის ხელისუფლებას დაემალა.