რომის პაპის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ინსულტი დაასახელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ინსულტმა კომა და გულის შეუქცევადი უკმარისობა გამოიწვია.

სამედიცინო დასკვნის თანახმად, პაპს აღენიშნებოდა ორმხრივი პნევმონიით გამოწვეული მწვავე რესპირატორული უკმარისობა და მეორე ტიპის დიაბეტი.

ვატიკანის განცხადების თანახმად, პაპმა ფრანცისკემ დაკრძალვა რომის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში ითხოვა.

გამოქვეყნდა პაპის ანდერძიც, სადაც ის განმარტავს, რატომ აირჩია საბოლოო განსასვენებლად სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკა.

„რამდენადაც ვგრძნობ ჩემი მიწიერი ცხოვრების მოახლოებულ დასასრულს, მტკიცე იმედით მარადიულ სიცოცხლეზე, მსურს, გამოვხატო ჩემი უკანასკნელი სურვილები ჩემი დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში და ჩემი მსახურების დროს მე ყოველთვის ვენდობოდი ღვთისმშობელს, ამიტომ ჩემი თხოვნაა, ჩემმა ნეშტმა სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში განისვენოს. მსურს, ჩემი მიწიერი მოგზაურობა დასრულდეს სწორედ ამ ღვთისმშობლისადმი მიძღვნილ საკურთხეველში, სადაც მე ყოველთვის მივდიოდი სალოცავად, ვანდობდი ჩემს განზრახვებს და მადლობას ვუხდიდი დედობრივი ზრუნვისთვის. ჩემი საფლავი მიწაში უნდა იყოს, მარტივი, განსაკუთრებული მორთულობის გარეშე, მხოლოდ წარწერით: Franciscus. დაკრძალვის ხარჯები დაიფარება ქველმოქმედების მიერ გამოყოფილი თანხით. მე მივეცი საჭირო მითითებები ამასთან დაკავშირებით კარდინალს. უფალმა მიანიჭოს შესაფერისი ჯილდო ყველას, ვისაც ვუყვარდი და ვინც განაგრძობს ჩემთვის ლოცვას. ტანჯვას, რომელმაც აღბეჭდა ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ნაწილი, მე შევწირავ უფალს, მსოფლიოში მშვიდობისა და ხალხთა შორის ძმობისთვის“, – ნათქვამია პაპის ანდერძში.

თარგმანი: პირველი არხი