ირანის უმაღლესი ლიდერი, ალი ხამენეი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ბუნკერში და მისი გარდაცვალების შემთხვევისთვის უკვე გამოარჩია რამდენიმე კანდიდატი, იმ შემთხვევაში, თუ მას "რამე მოუვა." ინფორმაციას ამის შესახებ ხამენეის უახლოეს გარემოცვის წევრებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ისრაელის მხრიდან თავდასხმის გაზრდილი რისკის ფონზე, უმაღლესი ლიდერი თითქმის აღარ იყენებს კომუნიკაციის ელექტრონულ საშუალებებს და დავალებების გასაცემად სანდო თანაშემწეს იყენებს.

პუბლიკაციის ავტორების ცნობით, ხამენეიმ შეარჩია არამხოლოდ უმაღლესი თანამდებობის პირთა შემცვლელები, არამედ მისი პოტენციური შემცვლელებიც გამოარჩია.

"საუბარია 3 სასულიერო პირზე, რომელთა შორიდანაც უნდა არჩიონ ერთ-ერთი. ეს მეტყველებს ყველაზე საშიშ მომენტზე, რომლის წინაშეც ხამენეი თავისი 30-წლიანი მმართველობის განმავლობაში აღმოჩენილა"- ნათქვამია სტატიაში.

ირანის ლიდერის გარემოცვაში წყაროები ამბობენ, რომ 86 წლის ხამენეი "აცნობიერებს შესაძლებლობას", რომ ის შესაძლოა ისრაელმა ან შეერთებულმა შტატებმა მოკლას და ამას "მისი მოწამეობრივი გზის" შემადგენელ ნაწილად აღიქვამს. სწორედ ამიტომ ხამენეიმ ე.წ. ექსპერტთა საბჭოს საგანგებო განკარგულებები მისცა - კონსტიტუციის მიხედვით, სწორედ ეს საბჭო ირჩევს ახალ სულიერ ლიდერს.

ახალი ლიდერის არჩევა არ არის დროში მკაცრად გაწერილი პროცედურა და ის შესაძლოა თვეები გრძელდებოდეს - სწორედ ამიტომ ალი ხამენეიმ ექსპერტთა საბჭოს მისცა "კურთხევა" რაც შეიძლება სწრაფად აირჩიონ ახალი ლიდერი, მის მიერ შერჩეული კანდიდატებიდან.

"აიათოლას სურს სწრაფი და მოწესრიგებული ტრანზიცია მისი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად"- ამბობენ წყაროები.