The New York Times ამერიკელ და ევროპელ უსაფრთხოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის სპეცოპერაცია "აბლაბუდას" შედეგად მიყენებული ზარალის შეფასება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა მათი ცნობით, იერიშის შედეგად, შესაძლოა, 20 რუსული სტრატეგიული თვითმფრინავი იყოს განადგურებული ან მძიმედ დაზიანებული, რაც სერიოზულ დარტყმას აყენებს რუსეთის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებს.

ოფიციალური პირების ცნობით, რუსეთის დანაკარგებს შორისაა ექვსი Tu-95 და ოთხი Tu-22M ტიპის შორ მანძილზე მოქმედი სტრატეგიული ბომბდამშენი, ასევე A-50 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები, რომლებიც საჰაერო თავდაცვისა და მართვადი რაკეტების აღმოსაჩენად გამოიყენება.

ამასთან, აშშ-ს ოფიციალურმა პირებისა და სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთის სიღრმეში აეროდრომებსა და საბრძოლო თვითმფრინავებზე დრონებით თავდასხმით,  უკრაინა აგრძელებს XXI საუკუნეში ომების წარმოების წესების შეცვლას.

როგორც The New York Times წერს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, უკრაინის ჩატარებული სპეცოპერაცია, გასულ წელს ისრაელის მიერ ლიბანში ჰეზბოლას წევრების პეიჯერების აფეთქებას შეადარა.

აშშ-ს ოფიციალური პირების თქმით, უკრაინამ ტრამპის ადმინისტრაციას წინასწარ არ აცნობა სპეცოპერაციის შესახებ.

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ისინი ვარაუდობდნენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მნიშვნელოვან საპასუხო დარტყმებს მიიტანდა. აშშ-ს დაზვერვას ჯერჯერობით არ დაუდგენია, თუ რა ტიპის საპასუხო შეტევას გეგმავს რუსეთი, თუმცა, ოფიციალური პირები თვლიან, რომ მოსკოვს შეუძლია განაახლოს დარტყმები სამოქალაქო სამიზნეებზე, დაარტყას ენერგოსისტემას ან დაიწყოს საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებით დარტყმების ახალი ტალღები.