New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას სერიოზულად განიხილავს. 

NYT-ის წყაროები აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში ტრამპს ირანზე შესაძლო იერიშების სცენარები წარედგინა, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 

როგორც გამოცემა წერს, ტრამპისთვის წარდგენილი სცენარები, მათ შორის, თეირანში არასამხედრო ობიექტებზე იერიშებს მოიცავს, ხოლო ნაწილი ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს პირდაპირ უკავშირდება. 

NYT-ის წყაროების თქმით, ნებისმიერმა სამხედრო მოქმედებამ ტრამპის მუქარა უნდა შეასრულოს, თუმცა, ამავდროულად, ვითარება არ უნდა გააუარესოს. 

ამასთან, გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ რეგიონში ამერიკელ სამხედროებს შესაძლო იერიშამდე მეტი დრო სჭირდებათ, რათა აშშ-ს სამხედრო პოზიციები გაამყარონ და ირანის მხრიდან შესაძლო საპასუხო იერიშებისთვის მოემზადონ. 

გარდა ამისა, New York Times წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ 10 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ელაპარაკა.

NYT შესაძლო იერიშების შესახებ თეთრ სახლს დაუკავშირდა, რომელმაც პასუხად ტრამპის საჯარო განცხადებებსა და პოსტებზე მიუთითა.