ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინას 155 მილიმეტრიანი კალიბრის 10 ათასი საარტილერიო ჭურვი გადასცა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამხედრო ტვირთმა უკვე დატოვა ნორვეგიის ტერიტორია.
უწყებაში განმარტავენ, რომ გადაცემული ჭურვები სხვადასხვა ტიპის დანადგარებზე გამოიყენება, მათ შორის M109 ტიპის საარტილერიო დანადგარზე. სხვადასხვა მონაცემებით უკრაინის არმიის განკარგულებაში დაახლოებით 50 ასეთი დანადგარია.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ბიორნ არილდ გრამმა განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.
"უკრაინას სჭირდება დახმარება, სწორედ ამიტომ ჩვენ კვლავ ვიფიქრებთ იმაზე თუ რისი მიწოდება შეგვიძლია უკრაინისთვის ჩვენი რეზერვებიდან. ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმაზე თუ რისი მიღება შეგვიძლია პირდაპირ მწარმოებლებისგან, რათა უკრაინას უფრო მეტად დავეხმაროთ".
სხვა შეიარაღებასთან ერთად ნორვეგიამ უკრაინას უკვე მიაწოდა M109 ტიპის 23 ერთეული თვითმავალი ჰაუბიცა, ჰაერი-მიწა ტიპის HEllfires 160 რაკეტა, რეაქტიული ცეცხლის 3 დანადგარი, 4 ათასამდე ანტი-სატანკო რაკეტა, 1750 ჯავშანჟილეტი და მშრალი კვების 15 ათასმდე კომპლექტი.
განცხადებას წინ უძღოდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის სატელეფონო საუბარი. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გაჰრ სტორეს გაწეული დახმარებისთვის და იქვე აღნიშნა, რომ ნორვეგიამ გამოთქვა მზაობა უკრაინას ბუნებრივი აირითაც დაეხმაროს.