12 ნოემბერს გასაჯაროებული დოკუმენტის მიხედვით, ნიუ-იორკის შტატის მოსამართლემ დადუმების მცდელობისთვის ფულის გადახდის საქმეში ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საბრალდებო განაჩენზე გადაწყვეტილება ერთი კვირით გადადო.

მოსამართლე ხუან მეჩანმა, სულ მცირე, 19 ნოემბრამდე გადადო ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება იმაზე, უნდა გაუუქმდეს თუ არა ტრამპს საბრალდებო განაჩენი ივლისში აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტს სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი აქვს იმ საქმეებში, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან ჩადენილ ოფიციალურ ქმედებებს ეხება.

მანჰეტენის ოლქის პროკურორის ელვინ ბრაგის უწყებაში განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესის შეჩერების თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნას ეთანხმებოდნენ, რათა გაირკვეს, როგორ მიუდგნენ აღნიშნულ საქმეს აშშ-ს არჩევნებში ტრამპის გამარჯვებისა და მისი მომავალი ინაუგურაციის ფონზე.

მოსამართლეს ჯერ კიდევ არ გადაუდია ტრამპისთვის ბრალის ოფიციალურად წაყენების თარიღი, რომელიც 26 ნოემბერსაა ჩანიშნული, თუმცა ექსპერტები მოელიან, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თარიღი სხვა დროს დაინიშნება.

პროკურორებმა შემდეგ ნაბიჯებზე შესაჯერებლად ვადა 19 ნოემბრამდე ითხოვეს, რაც მოსამართლე მერჩანმა დააკმაყოფილა. "ხალხი თანხმდება, რომ ეს უპრეცედენტო ვითარებაა". - განაცხადეს პროკურორებმა.

მანჰეტენის ოლქის პროკურორმა ელვინ ბრაგმა დადუმების მცდელობისთვის ფულის გადახდის საქმეში ტრამპს პირველი ბრალდებები 2023 წლის მარტში წაუყენა. ბრალდების მხარის ვარაუდით, ყოფილმა პრეზიდენტმა საქმიანი ოპერაციების ჩანაწერები გააყალბა, რათა იმ ქალების სიჩუმე მოესყიდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ მასთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ დამყარებული. ტრამპმა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რომლის მიზანიც, მისი თქმით, "არჩევნებში მისთვის ტკივილის მიყენება" იყო.