აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონგრესმენი მაიკ უოლცი გამოაცხადა. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ტრამპის თქმით, მისი სამომავლო ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი არის "ექსპერტი ჩინეთის, რუსეთის, ირანისა და გლობალური ტერორიზმის მხრიდან მომავალი საფრთხეების საკითხში".
50 წლის უოლცი ფლორიდელი კონგრესმენია. იგი ამერიკის არმიის სპეციალური დანიშნულების ძალებში 20 წელზე მეტხანს მსახურობდა. უოლცი მონაწილეობდა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციაში. უმცროსი ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის პერიოდში იგი თეთრ სახლსა და პენტაგონში მუშაობდა.
უოლცი ცნობილია ჩინეთის პოლიტიკისადმი მკვეთრად კრიტიკული დამოკიდებულებით.
რაც შეეხება უკრაინას, მაიკ უოლცის პოზიციაა, რომ აშშ უკრაინას უნდა დაეხმაროს, მაგრამ ამ მიზნით გაცემული დაფინანსების კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
2020 წელს უოლცმა კიდევ 12 კონგრესმენთან ერთად ხელი მოაწერა ანგარიშს, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "ახლო მოკავშირეა".