სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ბოლო წლებში სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში ხელშესახები ცვლილებები მოხდა, მათ შორის, სავაჭრო კავშირების მიმართულებით.
„თურქეთმა გახსნა გზები სომხეთიდან ექსპორტისა და სომხეთში იმპორტისთვის. მართალია, ეს პირდაპირ ჩვენი სახმელეთო საზღვრის გავლით არ ხდება და საქართველოს ტერიტორიის მეშვეობით ხორციელდება, თუმცა ეს რეალური ცვლილებაა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში თურქეთთან ურთიერთობების სრულ ნორმალიზებას მივაღწევთ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ორი დღით ადრე გამართულ შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მხარეებმა ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.
„ორი დღის წინ პრეზიდენტ ერდოღანთან ძალიან პოზიტიური შეხვედრა მქონდა. ორივემ აღვნიშნეთ, რომ წინ მივიწევთ და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა და საზღვრების სრულად გახსნის საბოლოო ნაბიჯთან ძალიან ახლოს ვართ“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მეზობელ ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბება სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების პარალელურად, სომხეთმა ყურადღება საკუთარ რეგიონზეც უნდა გაამახვილოს.








