სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის შესახებ დოკუმენტის პროექტი შეთანხმებულია, მოლაპარაკებები დასრულებულია და ერევანი მზად არის დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი ხელშეკრულების ხელმოწერისთვის ორ პირობას აყენებს. პირველი არის ეუთოს მინსკის ჯგუფის სტრუქტურების დაშლა. პრემიერმა აღნიშნა, რომ სომხეთისთვის ეს გასაგებია, თუ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი დასრულებულად ჩაითვლება.
"თუმცა, ეუთოს მინსკის ჯგუფს, სულ მცირე, დე ფაქტო უფრო ფართო კონტექსტი აქვს და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ აზერბაიჯანი არ განიხილავს მინსკის ჯგუფის დაშლას, როგორც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დასრულებისა და სომხეთის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიაზე მისი გადატანისკენ გადადგმულ ნაბიჯს." - თქვა მან.
ფაშინიანმა ოფიციალურად შესთავაზა ბაქოს სამშვიდობო შეთანხმებაზე და მინსკის ჯგუფის დაშლის შესახებ შეთანხმების ერთდროულად, ერთ ადგილას და ერთ დროს ხელმოწერა.სომხეთის პრემიერის თქმით, მეორე დაბრკოლება არის ბაქოს მტკიცება, რომ სომხეთის კონსტიტუციაში არის ტერიტორიული პრეტენზიები. მისი თქმით, მხოლოდ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია ქვეყნის ძირითადი კანონის ოფიციალური ინტერპრეტაცია.
ფაშინიანი მიიჩნევს, რომ 2024 წლის სექტემბერში სასამართლომ დაადგინა, რომ დებულება, რომელიც ადგენს ალმათის დეკლარაციას საზღვრის დემარკაციის საფუძვლად, კონსტიტუციურია. ეს ნიშნავს, რომ სომხეთი აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას ყოფილი საბჭოთა აზერბაიჯანის სსრკ-ის საზღვრებში.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის კონსტიტუციაში მსგავსი პრეტენზიების არსებობის მიუხედავად, ერევანი ამას არ იყენებს ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზად, ვინაიდან შეთანხმების პროექტი უკვე შეიცავს ფორმულირებას ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობის შესახებ.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება სამშვიდობო დღის წესრიგისადმი და აზერბაიჯანი ომის პროპაგანდაში და ცეცხლის შეწყვეტის რეგულარულ დარღვევაში დაადანაშაულა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთის არმიამ მიიღო მკაფიო ბრძანება ცეცხლის შეწყვეტის არ დარღვევის შესახებ და სომხეთი მზადაა ერთობლივად გამოიძიოს ყველა ინციდენტი საზღვარზე. მან ბაქოს ერთობლივი მექანიზმის შექმნა შესთავაზა მსგავსი შემთხვევების გამოსაძიებლად.
დასასრულს, პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომს არ აქვს გამართლება და ყველა მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან: "სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხები იმსახურებენ მშვიდობას. არ იქნება ომი, იქნება მშვიდობა."ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუციის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს მითითებებს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ხალხმა უნდა მიიღოს.