ასეთი განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქული მედიისთვის მიცემული ინტერვიუს დროს გააკეთა.

„ეს არის ოფიციალური ფორმულირება, მაგრამ ამ კონტექსტში არის საკითხები, რომელთა გარკვევაც ძალიან არსებითი და მნიშვნელოვანია და ამ საკითხებზე ძირითადად სამუშაო რეჟიმში ვსაუბრობ, მუდმივად, როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს თანამემამულეებთან საუბრისას და ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა ამაზე საჯაროდ ვისაუბრო“.

არის დისკუსიები და სპეკულაციები, საუბრები დიდი გენოციდის უარყოფაზე ან დავიწყებაზე. მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ეს უდავო ჭეშმარიტებაა სომხეთში და სომხებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამის უარყოფა ან ამაზე შეუთანხმებლობა ჩვენს რეალობაში უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს ყველა ჩვენგანისთვის უდავო ჭეშმარიტებაა. მაგრამ საუბარი ამაზე არაა. თუ არ ვცდები, მიუნხენში სომხებთან შეხვედრაზე ჩემს ბოლო გამოსვლაში პირდაპირ ვთქვი: „ძვირფასო თანამემამულენო, როცა შორეული ქვეყნის პარლამენტი ან მთავრობა გადაწყვეტილებას იღებს, ეს გადაწყვეტილება ძალიან გვამხნევებს“. ეს არის სიტუაცია ჩვენს რეალობაში და ამაში არაფერია დაფარული. მაგრამ როდესაც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული მღელვარება ან სიხარული ქრება, ჩნდება შემდეგი კითხვა: რას გვაძლევს ეს გადაწყვეტილება ჩვენს უშუალო გარემოცვასთან ურთიერთობის თვალსაზრისით? როდესაც ჩვენ გვაქვს დაძაბულობა ჩვენს უახლოეს გარემოცვაში, რამდენად უწყობს ხელს ეს დაძაბულობა სტაბილურობასა და მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში?  - განაცხადა ფაშინიანმა და განაგრძო:

მე მათ ვუთხარი, რომ სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, ბრაზილიასთან და ეს ძალიან კარგია, თუმცა მშვიდობა და კარგი ურთიერთობა პირველ რიგში აუცილებელია  უახლოეს გარემოში, უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობაში. მშვიდობა, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, არის მშვიდობა ქვეყანაში და ქვეყნის უახლოეს გარემოში.    

„ისტორია ისტორიაა, დღევანდელი დღე კი არის დღევანდელი დღე“, - თქვა ნიკოლ ფაშინიანმა და აღნიშნა, რომ პერიოდი, როდესაც ეს დიდი ტრაგედია მოხდა, იყო პერიოდი, როდესაც სომხეთის რესპუბლიკა არ არსებობდა. დღეს არის სომხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო და ამ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მაგრამ ამას გარკვეული პირობები სჭირდება და ამ მხრივ სომხეთი თვითკმარი ქვეყანა არ არის  

„ჩემი აზრით, ეს არის გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ ისტორიიდან“, - განაცხადა პრემიერმა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთის კონსტიტუციაში არ არსებობს გამოთქმა „დასავლეთ სომხეთი“.

„მე ცოტა ხნის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ჩემი აღქმით, დასავლეთ სომხეთი არის სომხეთის რესპუბლიკის არმავირის და შირაკის რეგიონები“, - თქვა სომხეთის პრეზიდენტმა.