ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი nltimes აქვეყნებს.

ნიდერლანდების სარკინიგზო მიმოსვლაზე პასუხისმგებელმა კომპანია ProRail სარკინიგზო მიმოსვლის განრიგი განაახლა, რათა ეცნობებინა მგზავრებისთვის, რომ  ვორკუუმისა და სტავორენის მარშრუტზე მიმოსვლა 24 აპრილამდე შეწყდება, ხოლო ეინდჰოვენის და დენ ბოშს მარშრუტის ჩრდილოეთ ბრაბანტში მდებარე მონაკვეთზე მატარებლები ერთი კვირის განმავლობაში არ იმოძრავებენ.  

სარკინიგზო მიმოსვლა მაჩვების გამო შეჩერდა. ProRail აღნიშნავს, რომ მათ ლიანდაგების ქვეშ 40 ადგილზე მოაწყვეს სოროები და გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ყოველი ოჯახის სორო შედგება 30-მდე ოთახისგან და თითოეული ოთახის  სიმაღლე ~50 სანტიმეტრია, მატარებლების მოძრაობის დროს ლიანდაგის ჩავარდნის საფრთხე შექმნეს.  

მაჩვი ნიდერლანდებში დაცულ სახეობას მიეკუთვნება და მათი სხვა ადგილზე გადაყვანისთვის ნებართვაა საჭირო, ნებართვის აღების პროცედურა კი ჩვეულებრივ, 13 კვირამდე გრძელდება. ProRail ვარაუდობს, რომ ამჯერად მაჩვების გადაყვანაზე თანხმობას ბევრად სწრაფად მიიღებს, თუმცა, როგორც nltimes წერს, ნებართვის სწრაფად მიღების შემთხვევაშიც კი ძალზე სათუოა, რომ მაჩვებს სოროების დატოვების და სხვაგან გადასვლის მოტივაცია სწრაფად გაუჩინონ.