უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი პასუხისმგებლობას კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს.
გენშტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ფრონტზე არსებულ ვითარებას ეხება, ნათქვამია, რომ „რუსმა ტერორისტებმა ომის კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს და კახოვკას ჰესის შიდა კონსტრუქციები ააფეთქეს, რათა არ დაეშვათ უკრაინის ჯარების წინსვლა".
გენერალური შტაბის განცხადებით, ტერაქტის შედეგად დატბორვის ზონაში აღმოჩნდა 80-მდე დასახლებული პუნქტი.
კახოვკას ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია" უწოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა . როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკას ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.