სამშაბათს, 6 ივნისს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც კახოვკას ჰიდროელექტრო კაშხლის გარღვევის შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის თხოვნით მოიწვიეს, მოსკოვმა და კიევმა, მომხდარში კვლავ ერთმანეთი დაადანაშაულეს.
უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში სერხი კისლიცამ, რომელიც მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს, მომხდარს უწოდა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და "მასშტაბური ეკოლოგიური ტერორისტული თავდასხმა", რომელიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროპაში ყველაზე დიდი ადამიანური კატასტროფა გახდა. კისლიცას თქმით, რუსეთის მიზანი, გარემოსთვის მასიური ზიანის მიყენება იყო.
რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ კი, კაშხლის განადგურებაში და განზრახ ნგრევაში უკრაინული მხარე დაადანაშაულა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ეს იმისათვის გააკეთეს, რომ ყურადღება გადაეტანათ ჯარების გადაჯგუფებიდან და ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიების მცხოვრებლებისთვის ზიანი მიეყენებინათ.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჰუმანიტარულ საკითხებში მარტინ გრიფიტსმა თქვა, რომ კაშხლის ნგრევა არის "ყველაზე მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც აზიანებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ".
"უკრაინის ხელისუფლება იტყობინება, რომ მხოლოდ ხერსონის რეგიონში, სულ მცირე, 40 დასახლება მთლიანად ან ნაწილობრივ დაიტბორა. მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი, უახლოეს დღეებში, მნიშვნელოვნად გაიზრდება. სერიოზული ზარალია მოსალოდნელი რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზეც", - თქვა გრიფიტსმა.
გენერალური მდივნის მოადგილემ გააფრთხილა, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფა იქნება "ძლიერი დარტყმა" უკრაინის სურსათის წარმოების სექტორისთვის და უარყოფითად იმოქმედებს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე. გრიფიტსის თქმით, გაერო მზადაა, უწყებათაშორისი კოლონები და დახმარების პერსონალი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიტანოს.
კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომელსაც წელიწადზე მეტია, რუსი სამხედროები აკონტროლებენ, 6 ივნისს, ღამით განადგურდა. დამოუკიდებელი ანალიტიკოსები აღიარებენ, რომ კაშხალი შეიძლება ჩამოინგრა არა ღამის აფეთქების ან დაბომბვის შედეგად, არამედ წინა დაზიანების გამო.