აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს რესპუბლიკელ კონკურენტ დონალდ ტრამპზე 5%-ით მაღალი მხარდაჭერა აქვს. ამას მოწმობს NBC News-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.
არჩევნების დღემდე ექვს კვირაზე მეტი დარჩა და გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჰარისის მხარდაჭერა რეგისტრირებულ ამომრჩევლებს შორის 49%-ია, ხოლო ტრამპის - 44%. მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგი კვლევის ცდომილების ფარგლებშია, ეს აშკარა ცვლილებაა ივლისის კვლევიდან, როდესაც ტრამპი ბაიდენს 2%-ით უსწრებდა.
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტები ჰარისს უფრო დადებითად უყურებენ მას შემდეგ, რაც ის დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა.
კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჰარისის მიმართ მას შემდეგ, რაც ის პარტიის კანდიდატი გახდა გახდა, 1000 რეგისტრირებული ამომრჩევლის 48%-მა თქვა, რომ ვიცე-პრეზიდენტს დადებითად უყურებს, მაშინ როცა ივლისში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 32% იყო. ეს ყველაზე დიდი ზრდაა NBC-ის მიერ ჩატარებულ კვლევებში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ჯორჯ ბუშის პოპულარობის მკვეთრი ზრდის შემდეგ.
ტრამპს პოზიტიურად გამოკითხულთა 40% აფასებს, რაც 2%-იანი ზრდაა ივლისის შემდეგ.
გარდა ამისა, CBS News-ის კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ჰარისს ტრამპზე 4%-ით მაღალი მხარდაჭერა აქვს.
კვლევის შედეგები ძირითადად ემთხვევა სხვა ეროვნულ გამოკითხვებს, მათ შორის Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული გამოკითხვები მნიშვნელოვან სიგნალებს იძლევა ამომრჩეველთა შეხედულებების შესახებ, არჩევნების ბედი ე.წ. გადაუწყვეტელ შტატებში წყდება, რომელთა შედეგებიც ძალიან არაპროგნოზირებადია.