ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგი" წერს.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ორბანის მოგზაურობა ფლორიდაში აძლიერებს შეშფოთებას, რომ ის შუამავალია ტრამპსა და პუტინს შორის. რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა არაერთხელ განაცხადა, რომ არჩევის შემთხვევაში ის დაასრულებს ომს და გაათავისუფლებს რუსეთში დაპატიმრებულ ამერიკელ მოქალაქეებს.

ორბანის ვიზიტის დეტალების კარგად მცოდნე წყაროს თქმით, ტრამპს უნგრეთის პრემიერ-მინისტრისთვის უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმების დადებისთვის საფუძვლის ჩაყრაში დახმარება არ უთხოვია. მან ვიზიტს, რომელიც მილუოკიში რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება, ორი ლიდერის არაფორმალური შეხვედრა უწოდა.  

არც ტრამპის და არც ორბანის გარემოცვას შეხვედრასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 

ვიქტორ ორბანი 2 ივლისიდან დღემდე ჯერ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელინსკის შეხვდა, შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ამის შემდეგ იგი აზერბაიჯანის ქალაქ შუშაში თურქულენოვანი სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტში მონაწილეობდა. სამიტიდან ვიქტორ ორბანი ბუდაპეშტში დაბრუნდა და იმ დღესვე პეკინს გაემგზავრა. პეკინში მან ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან უკრაინის საკითხზე გამართა მოლაპარაკება.