chinadaily-ის ინფორმაციით, ასეთი განცხადება ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პეკინში უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას გააკეთა
ცეცხლის რაც შეიძლება სწრაფად შეწყვეტა და უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარება ყველა მხარის ინტერესებშია, განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის პირობების შექმნისკენ მოუწოდა.
ორბანი ჩინეთის დედაქალაქში ორშაბათს დილით ჩავიდა. „სამშვიდობო მისია 3.0", - ასეთი წარწერა გააკეთა ვიქტორ ორბანმა დღეს დილით სოციალურ ქსელებში ატვირთულ იმ ფოტოზე, რომელიც პეკინში, თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ არის გადაღებული.
ვიქტორ ორბანმა აცნობა სი ძინპინს კიევსა და მოსკოვში მისი ვიზიტების შესახებ. სი ძინპინმა მოიწონა მისი ძალისხმევა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის და მას კრიზისთან დაკავშირებით ჩინეთის შეხედულებები და წინადადებები გააცნო.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ამ დროისთვის პრიორიტეტულია სამი პრინციპის დაცვა: არ დაუშვათ ბრძოლის ველიდან კონფლიქტის გავრცელება, არ დავუშვათ საომარი მოქმედებების ესკალაცია და შესაბამისი მხარეების მიერ არ მოხდეს ცეცხლზე ნავთის დასხმა.
მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი დიალოგისა და მოლაპარაკებების ხელშეწყობის აუცილებლობას.
„მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ძირითადი ძალა მოახდენს პოზიტიურ და არა უარყოფით გავლენას, შეიძლება უმოკლეს დროში გაჩნდეს იმედის ნაპერწკალი კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტისა" - თქვა ძი სინპინმა.
ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი აქტიურად უჭერს მხარს მშვიდობას და ხელს უწყობს დიალოგს საკუთარი გზით, ხელს უწყობს და მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რათა მოხდეს კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტა.
ჩინეთისა და უნგრეთის ძირითადი პრინციპები და ძალისხმევა მსგავსია და ჩინეთი მზადაა გააგრძელოს კომუნიკაცია უნგრეთთან და შესაბამის მხარეებთან, - თქვა ძი სინპინმა.
„ჩინეთი მშვიდობის დამყარების საქმეში მთავარი მოთამაშეა. ამიტომ კვლავ ვხვდები ჩინეთის პრეზიდენტს ბუდაპეშტში მისი ოფიციალური ვიზიტიდან ორი თვის შემდეგ", - წერს სოციალურ ქსელში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
ჩინური პრესა ჯერ არაფერს ამბობს, უნგრულმა და გერმანულმა პრესამ კი აღნიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში უნგრეთისთვის ჩინეთი მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორად იქცა. უნგრულმა პორტალმა 444 აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიატრომ კვირას ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელი ჩინური გიგანტის (CATL)პრეზიდენტი მიიღო და განაცხადა, რომ „უნგრეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს სავაჭრო ომი ევროკავშირსა და ჩინეთს შორის".
პოლონური dziennik-ი მკითხველს შეახსენებს, რომ CATL-ის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების თანახმად, იგი 7,3 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა ელექტრომობილების მწარმოებელი ბატარეების ქარხნის ასაშენებლად დებრეცენში, აღმოსავლეთ უნგრეთში.