საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამჯერად წყნეთში მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მოწესრიგება დასასრულს უახლოვდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობას გრუნტის გზით სარგებლობა უწევდა, რაც გადაადგილებისას გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება, ქუჩაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი.

პროექტის პირველ ეტაპზე კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები განაახლა, რის შემდეგაც ვაკის რაიონის გამგეობამ გზის საფარის მოწესრიგება დაახლოებით 3 000 კვ.მ ფართობზე დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000-მდე ლარი გამოიყო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ქუჩაზე გადაადგილება კომფორტული და უსაფრთხო გახდება.

მიმდინარე სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი პარლამენტის დელეგატ ზურაბ რურუასა და მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ასათიანთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.