ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სარჯველაძე სომხეთის შრომისა და კეთილდღეობის მინისტრ არსენ ტოროსიანს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის შრომისა და სოციალური დაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სოციალური დაცვის პოლიტიკასა და სოციალურ მომსახურებას, მოქალაქეებისთვის სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შესაბამის სფეროებში არსებული გამოცდილება და პრაქტიკა ერთმანეთს გაუზიარეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები განიხილეს.

მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ერთიან სოციალურ სამსახურსა და კეთილდღეობის საინფორმაციო სისტემების ფონდშიც იმყოფებოდა. მინისტრი ფუნქციური შესაძლებლობებისა და სოციალური საჭიროებების შეფასების სისტემების მუშაობის პრინციპებს, სოციალური სერვისების მიწოდების პრაქტიკასა და მონაცემთა სისტემების გაციფრულების მხრივ არსებულ მიდგომას გაეცნო.

ყურადღება გამახვილდა მოქალაქეთა საჭიროებების შეფასების პროცესზე, მონაცემთა ეფექტიან გამოყენებასა და საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების განსაზღვრაზე.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.