ამერიკულ მხარეს აქვს ინფორმაცია, რომელიც დადასტურებულია სატელიტური ფოტოებით, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალით დატვირთული ათასზე მეტი კონტეინერი მიაწოდა. ამის შესახებ NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ახალი ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ახლახან მიაწოდა დამატებითი იარაღი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად. ჩვენი ინფორმაციით, მან რუსეთის ფედერაციას გადასცა ათასზე მეტი კონტეინერი სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალა.
ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ამ იარაღის გადაცემას, რომელიც უდავოდ გამოყენებული იქნება უკრაინელი ხალხის, უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ“, - განაცხადა სმიტმა.
მისივე ინფორმაციით, სატელიტურ ფოტოებზე ჩანს თუ როგორ გადააქვთ კონტეინერები ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში სატვირთო გემებით.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ფხენიანს სურს მიიღოს რუსეთისგან სხვა სამხედრო ტექნოლოგიები საბრძოლო მასალის სანაცვლოდ. შესაძლოა, ფხენიანის „სურვილების სიაში“ იყოს მოიერიშე თვითმფრინავები, რაკეტები, ჯავშანტექნიკა, აღჭურვილობა ბალისტიკური რაკეტების და სხვა იარაღის წარმოებისთვის.
სმიტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მოვლენების განვითარების მონიტორინგს.