ჩრდილოატლანტიკურმა ხელშეკრულების ორგანიზაციამ (NATO) 24 აპრილს 2024 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, ახლად გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღარ არის ნახსენები NATO-ს მხარდაჭერა ალიანსში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა X-ზე გაავრცელა. 

NATO-ს 2023 წლის ანგარიშში მოცემული იყო შემდეგი წინადადებები:

"უკრაინის მომავალი NATO-შია, ალიანსი უკრაინას მხარს დაუჭერს გზაზე სამომავლო გაწევრებისკენ". 

"ალიანსის წევრები აგრძელებენ NATO-ში საქართველოს საბოლოოდ გაწევრიანების მხარდაჭერას". 

მიუხედავად იმისა, რომ 2024 წლის ანგარიშში როგორც საქართველო, ისე უკრაინა რამდენჯერმე, სხვადასხვა კონტექსტშია ნახსენები, მათ შორის, ალიანსთან თანამშრომლობის მხრივ, საუბარი NATO-ში ორი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ, მსგავსი მკაფიო ფორმულირებებით, აღარ არის.