მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფორმირებადი ბაზრის მქონე და განვითარებად ქვეყნებში (EMDEs) ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წელს აიწია და 2.4% -მდე დაკორექტირდა.

ზრდის დაჩქარება ასახავს გაუმჯობესებულ პროგნოზებს ომით დაზარალებული უკრაინისთვის და ცენტრალური აზიისთვის, ისევე როგორც სამომხმარებლო მოთხოვნის მდგრადობას თურქეთში და მოსალოდნელზე უკეთეს ზრდას რუსეთში მთავრობის სამხედრო ხარჯებისა და სოციალური ტრანსფერების მატების გამო. რუსეთისა და უკრაინის გამოკლებით, 2023 წელს რეგიონში პროდუქციის გამოშვება სავარაუდოდ 3%-ით გაიზრდება. მიუხედავად ამისა, ზრდის მაჩვენებელი ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ გრძელვადიან საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით. მთლიანობაში, 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ნახევარში, სავარაუდოდ, ადგილი ექნება ზრდის შენელებას ან უმნიშვნელო ცვლილებას.

2024-25 წლების განმავლობაში მოსალოდნელია 2.6%-იანი საშუალო წლიური ზრდა რეგიონის უდიდესი სავაჭრო პარტნიორის - ევროკავშირში სუსტი ზრდის, მაღალი ინფლაციის, გამკაცრებული ფინანსური პირობებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის  ეფექტის ფონზე.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ურთიერთგადამფარავი შოკები, ინფლაცია და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები უზარმაზარ გამოწვევებს ქმნის რეგიონში,“ აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: „აუცილებელი იქნება ახალი მიდგომა ქვეყნებისთვის პროდუქტიულობის ზრდის აღსადგენად, უკეთესი ეკონომიკური და სოციალური შედეგების მისაღწევად, მედეგობის ასამაღლებლად და ეკონომიკის დეკარბონიზაციის  ძალისხმევის დასაჩქარებლად.“

 

ეკონომიკური ზრდის გაუარესების რისკებმა შეიძლება დაჩრდილოს პერსპექტივა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ფორმირებადი ბაზრებისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის. მაღალი ინფლაცია შესაძლოა შენარჩუნდეს მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე მომატებული ცვალებადობისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდის გამო. გლობალური ფინანსური ბაზრები შეიძლება გაცილებით არასტაბილური და შეზღუდული გახდეს გამკაცრებულ ფინანსურ პირობებში. გლობალური ეკონომიკური ზრდა 2020-2024 წლებისთვის  შედარებით სუსტია, ვიდრე ნებისმიერი ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში 1990 წლის შემდეგ და შესაძლოა კიდევ უფრო შესუსტდეს.

„ფისკალური დეფიციტი წელს ზოგადად უცვლელია მთავრობების ადრინდელი გეგმების მიუხედავად, დანერგონ ფისკალური კონსოლიდაცია COVID-ისა და ინფლაციის კრიზისის გამო ხარჯების ფართომასშტაბიანი ზრდის შემდეგ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული მზარდი ხარჯები, საპროცენტო გადახდების მატება, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შერბილებისთვის და მის მიმართ ადაპტაციისთვის  საჭირო ინვესტიციები და სხვა ურთიერთგადამფარავი კრიზისების მართვა იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტებზე ზეწოლის შენარჩუნებას,“ - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.

 უკრაინის ეკონომიკის ზრდა, სავარაუდოდ, 3.5% იქნება წელს 29.1%-იანი ვარდნის შემდეგ, რომელიც 2022 წელს ქვეყანაში რუსეთის შეჭრას მოჰყვა, ძირითადად სტაბილური ელექტრომომარაგების, გაზრდილი სახელმწიფო ხარჯების, დონორთა მიმდინარე დახმარების, უკეთესი მოსავლისა და ქვეყნის დასავლეთ საზღვრებიდან ზოგიერთი საქონლის ექსპორტის მიმართულების შეცვლის ხარჯზე.

წელს თურქეთში მოსალოდნელია 4.2%-იანი ზრდა, რაც ასახავს პოლიტიკის თვალსაზრისით შემცირებულ გაურკვევლობას და მდგრად სამომხმარებლო მოთხოვნას. თუმცა, ზრდა 2024-2025 წლებში, სავარაუდოდ,  საშუალოდ 3.5%-მდე შენელდება, რამდენადაც ადგილობრივი მოთხოვნა იკლებს მზარდი საპროცენტო განაკვეთებისა და ეტაპობრივი ფისკალური კონსოლიდაციის ფონზე. რუსეთში მზარდი სახელმწიფო  და მდგრადი სამომხმარებლო ხარჯები  2023 წელს  პროგნოზის მიხედვით, შედეგად გამოიწვევს 1.6%-იან ზრდას, რომელიც 2024 წელს 1.3%-მდე, ხოლო 2025 წელს 0.9%-მდე შესუსტდება საწარმოო სიმძლავრეების შეზღუდვისა და სამომხმარებლო მოთხოვნის კლების გამო.

ცენტრალურ აზიაში წელს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის გაძლიერება 4.8%-მდე და  2024-2025 წლებში  საშუალოდ 4.7%-მდე ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის დაშვების პირობებში.

აღნიშნულის საპირისპიროდ, ეკონომიკური ზრდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში წელს, სავარაუდოდ,  2.5%-მდე შემცირდება,  2024-2025 წლებში 3.3%-მდე პროგნოზირებული მატებით, რაც ასახავს ინფლაციის წნეხის ზომიერ დონემდე შერბილებას, ექსპორტის თანდათანობით აღდგენასა და დონორთა მხარდაჭერით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მზარდ სახელმწიფო ხარჯებს. 2023 წელს სამომხმარებლო ხარჯები სტაბილურ დონეზე შენარჩუნდა ალბანეთში, კოსოვოსა და მონტენეგროში, რასაც ხელი შეუწყო ტურიზმის აღდგენამ, თუმცა, შემცირდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში და სერბეთში ევროკავშირიდან ექსპორტზე შესუსტებული  მოთხოვნის გამო.

უფრო ინტენსიური ვაჭრობა და ასევე ფულადი სახსრებისა და ადამიანების ფართო შემოდინება კვლავაც განაგრძობს ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერას ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში. სომხეთი, საქართველო და ტაჯიკეთი ზედიზედ უკვე მეორე წელია ინარჩუნებენ წამყვან ადგილს რეგიონში ეკონომიკური ზრდის მიხედვით.

ინფორმაციას მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ავრცელებს.