მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.
დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ ანგარიშში მოცემული პროგნოზებისა და მიგნებების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ რეგიონულ პრესრელიზში (იხილეთ თანდართულ ფაილებში ქართულ და ინგლისურ ენაზე). პრესრელიზი ასევე შეგიძლიათ იხილოთ ონლაინ: LINK.
ანგარიშის სრული ვერსია კი ხელმისაწვდომია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე: LINK.
ქვევით კი მოკლედ მოგაწვდით ინფორმაციას (ქართულ და ინგლისურ ენებზე) სამხრეთ კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზების შესახებ:
2022 წელს სომხეთი და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ ზედიზედ უკვე მეორედ.საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდებოდა სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ავტომობილების რეექსპორტის ბუმი საქართველოში ექსპორტის ორნიშნა ზრდას განაპირობებდა მიუხედავად ნედლი ლითონების ექსპორტის შემცირებისა, რაც გლობალური ფასების კლებას მოჰყვა. ფულადი გზავნილების შემოდინება ბოლო თვეებში შემცირდა, მაგრამ სტაბილურობას ინარჩუნებდა.სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ლიდერობენ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში დეფლაციის თვალსაზრისით. სურსათის და ენერგომატარებლების იმპორტის ფასების მკვეთრი შემცირება, რასაც დაემატა ადგილობრივი ვალუტის გამყარება, ინფლაციის დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია.სამომავლო პერსპექტივაზე გავლენა შეიძლება იქონიოს სხვადასხვა ნეგატიურმა რისკმა, მათ შორის, რუსეთიდან ფულადი ნაკადებისა და გზავნილების შენელებამ, გლობალური ეკონომიკური ზრდის შესუსტებამ, რეექსპორტის შემდგომმა შეზღუდვამ და ფინანსური პირობების მოსალოდნელზე გაცილებით ხანგრძლივმა გამკაცრებამ.
ინფორმაციას მსოფლიო ბანკის საქართველოს ოფისი ავრცელებს.