ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს.
„მშვიდობისკენ სწრაფვა ისტორიულ სამიტზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად ალასკაში“, – აღნიშნულია თეთრი სახლის ვებგვერდზე ფოტოებთან ერთად გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ალასკის ქალაქ ანკორიჯში დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სამი სამზე ფორმატში მიმდინარეობს. ლიდერები თარჯიმნის მეშვეობით საუბრობენ.
შეხვედრას ამერიკული მხრიდან ესწრებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. რუსეთის მხრიდან კი შეხვედრაში მონაწილეობენ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი.
აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მოლაპარაკების დაწყებამდე განცხადებები არ გაუკეთებიათ.
ალასკის აეროდრომზე თვითმფრინავებიდან თითქმის ერთდროულად გადმოსვლის და გულთბილი მისალმების შემდეგ პრეზიდენტები ერთად გაემგზავრნენ შეხვედრის ადგილისკენ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ.
მსოფლიო მოელის, რომ შეერთებული შტატების და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების პირდაპირი შეხვედრის შემდეგ მიღწეული იქნება შეთანხმება პრინციპული საკითხების ირგვლივ და გზა გაიხსნება რუსეთ-უკრაინის ომის უახლოეს ხანში დასრულებისკენ.
პუტინის შეერთებულ შტატებში მიწვევით მოწვევით, ტრამპი რუსეთის ლიდერს ანიჭებს იმ აღიარებას, რომელსაც ის დიდი ხანია ნატრობდა, წერს „ასოშეიტედ პრესი“ და დასძენს, რომ რუსეთი და უკრაინა კვლავ უთანხმოებაში არიან მშვიდობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და ამ ფონზე წარმატება გარანტირებული არ არის.