ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მესამე მოსმენით მიღებას და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, გაიწვიოს კანონი.
„ევროკავშირი დგას ქართველი ხალხისა და მისი არჩევანის გვერდით დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაუშვებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერებისა და ჟურნალისტების, ასევე მათი ოჯახების დაშინება, მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა“, - წერია განცხადებაში.
ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიონ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის „დოკუმენტირებული შემთხვევები“.
ბორელი და ვარჰეი გამოდიან შეხსენებით, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა დათქმით, რომ ევროკომისიის შესაბამის რეკომენდაციებზე პროგრესი იქნებოდა მიღწეული და რომ "ერთ-ერთი ეს ნაბიჯი მოიცავს რეკომენდაციას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის თავისუფლად ფუნქციონირების შესახებ. სხვა ორი ნაბიჯი ეხება დეპოლარიზაციასა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას“.
ბორელი და ვარჰეი აღნიშნავენ, რომ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მესამე მოსმენით მიიღო რეკომენდაციების მიუხედავად და „მიუხედავად დიდი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა“.
ევროკავშირის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ევროკავშირმა ცხადად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სულისკვეთება არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ ნორმებსა და ღირებულებებს:
„იგი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ, როდესაც გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები, რაც საფუძვლად უდევს საქართველოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ ყველანაირ გზას“.
ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონი:
„ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები ევროკავშირის გზაზე და განახორციელოს აუცილებელი რეფორმები. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ“.