მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს ევან გერშკოვიჩს, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული, წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთხელ გაუხანგრძლივა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი პატიმრობაში, სულ მცირე, 30 ივნისამდე დარჩება.

გერშკოვიჩი 2023 წლის 29 მარტს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. იგი ჯაშუშობის ბრალდებებს უარყოფს, ხოლო აშშ-ს მთავრობა მის დაკავებას უკანონოს უწოდებს.

სასამართლო მოსმენას რუსეთში აშშ-ს ელჩი ლინ ტრეისიც ესწრებოდა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ევანის წინააღმდეგ ბრალდებები კატეგორიულად მცდარია".

"ევანის დაუსრულებელი დაკავების გამართლება არ არსებობს, და არ არსებობს ახსნა იმაზე, თუ რატომ წარმოადგენს ევანის მიერ ჟურნალისტური საქმიანობა დანაშაულს. ევანის საქმე მტკიცებულებებზე, სამართლებრივ პროცესსა და კანონის უზენაესობაზე არ არის. ეს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ამერიკელი მოქალაქეების პაიკებად გამოყენებაზეა". - განაცხადა ტრეისიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.