ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული პრესა ავრცელებს. 

„მის გერმანია 2024"-ის გამარჯვებული ორი შვილის დედა, 39 წლის ბერლინელი არქიტეტორი აპამეჰ შიონაუერი გახდა.

შიონაუერი თეირანში დაიბადა და ექვსი წლის ასაკში ოჯახთან ერთად ირანიდან გაიქცა. „გერმანიაში გადმოვედით, რომ მე და ჩემს დას თავისუფლად გვეცხოვრა. გზა ადვილი არ იყო“, - ამბობს ქალი, რომლის დევიზიც დაბრკოლებებთან შეჯახებისას არის: „განაგრძე სვლა!"

კონკურსის სხვადასხვა ეტაპზე შიონაუერმა ნათლად აჩვენა თავისი ერთგულება ქალთა უფლებებისადმი, განსაკუთრებული აქცენტით ირანზე.

მისი თქმით, „გერმანიამ უფრო ფართოდ უნდა გაშალოს ხელები <მიგრანტების - „აიპრესი"> გულში ჩასახუტებლად და მისცეს მათ საშუალება გახდნენ უფრო მრავალფეროვნები".

ამავე დროს, მან მიგრანტ ქალებს ინტეგრაციისკენ მოუწოდა და თქვა:

„მე ყოველთვის ვზეიმოდი შობას და ჩემს სპარსულ ახალ წელს“.

კონკურსის ორგანიზატორთა საიტზე შიონაუერმა დაწერა, რომ მის უახლოეს წრეში მყოფ ქალებს იგი ფქსიქოლოგიურად ეხმარება ან იწვევს, თუ ეს შესაძლებელია, თავის საერთაშორისო არქიტექტორული გუნდში და, გარდა ამისა, მის მიერ არის შექმნილი შირზანი (სპარს.: „შირ" - ლომი, „ზან" - ქალი) - დაუცველი და ჩაგრული ქალების მხარდაჭერი ქსელი, რომლის მეშვეობითაც ქალები ერთმანეთს თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად წარმოჩენაში ეხმარებიან.

„მის გერმანია", რომელიც თავდაპირველად სილამაზის კონკურსი იყო, 2019 წლიდან სხვაგვარი სახის კონკურსი გახდა და კონკურსანტების შეფასება ხდება არა მხოლოდ გარეგნობის, არამედ ხასიათის, მიზანსწრაფულობის, შემოქმედებითI მიღწევების ან რაიმე უნიკალურობის მიხედვით და გამარჯვებული გვირგვინს აღარ იღებს.

ორგანიზატორების თქმით, აპამეჰ შიონაუერი - „ქალი-ლიდერი" - 25000 ევროს ოდენობით ფულად ჯილდოს მიიღებს. მიმდინარე შეჯიბრების სიახლე ასაკობრივი ცენზის გაუქმება იყო. ახლა 18 წლის და უფროსი ასაკის ყველა ქალს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. წლევანდელი კონკურსის ყველაზე ხანდაზმული ფინალისტი 42 წლის ჰამბურგელი სექს-კონსულტანტი მინონ კოვოლიკი იყო, ყველაზე ახალგაზრდა კი წარმოშობით განელი 22 წლის ფსიქოლოგი ესენიდან, ადვოა ავუა.

კონკურსში სულ  15 ათასი ქალი იღებდა მონაწილეობას. მათ შორის იყვნენ ისეთები, რომლებსაც დონორის გული რამდენიმე წლის წინ გადაუნერგეს ან რამდენიმე წელია, რაც იშვიათი ავტოიმუნური დაავადება აქვს და ინვალიდის ეტლით ან ელექტრო ორტეზით გადაადგილდება.






















აღსანიშნავია, რომ კონკუურსის ამ სახით ჩატარებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ესთეტიკური ქირურგი მანგ ვერნერი, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო სილამაზის კონკურსის ჟიური წევრი, ამბობს, რომ ის თანამოაზრეებთან ერთად განიხილავს კონკურსის ჩატარების შესაძლებლობას ძველი კრიტერიუმის მიხედვით.

მისი თქმით, კონკურსი უნდა ტარდებოდეს შესაბამისად დევიზისა: „სარკევ, სარკევ, მითხარი, ვინ არის ამქვეყნად ყველაზე ლამაზი?"

ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვაფასებ იმ ქალებს, რომლებიც ჩვენ შაბათს ვიხილეთ. პირიქით, მე მათ ძალიან დიდ პატივს ვცემ. ისინი ქალთა უფლებების და თანასწორობისთვის მებრძოლი გამორჩეული აქტივისტები არიან, მაგრამ კონკურსს რაიმე სხვა სახელი („მის შემართულობა", „მის გამბედაობა", „მის შეუპოვრობა", „მის უშიშრობა", „მის მიზანდასახულობა"... ორიგინალშია: Miss Courage nennen - „აიპრესი") უნდა დაერქვას, - ამბობს ვერნერი.