გერმანული მედიის ცნობით, მგელს, რომელმაც ერთი კვირის წინ ჰამბურგის ცენტრში ქალს სახის არეში უკბინა, გადამცემი დაამაგრეს და ტყეში გაუშვეს.

ხელისუფლებამ დღეს განაცხადა, რომ ცხოველი ველურ ბუნებაში აღდგომის კვირა საღამოს გაათავისუფლეს. ახლა მისი მონიტორინგი LIFE World Wolf პროექტის ფარგლებში განხორციელდება. ცხოველთა დაცვის მიზნით, ცხოველის ადგილსამყოფელი არ გახმაურდება, - ნათქვამია განცხადებაში.

მგლის ბედის სხვადასხვა ვარიანტი განიხილებოდა ეროვნულ და ევროპულ დონეზე. მგლის ველური ცხოველების ვოლიერში მოთავსება შეუძლებელი იყო იურიდიული და პრაქტიკული მიზეზების გამო და ცხოველის მოკვლაც არ იყო ვარიანტი. ცოტა ხნის განმავლობაში მგელი საქსენჰაგენში (შაუმბურგის რაიონი) ბუნების დაცვის სადგურში იმყოფებოდა.

„მგლის გაშვება მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისს ნიშნავს - იმედია, ქალაქიდან შორს, ბუნებაში, თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში“ - განაცხადა ჰამბურგის გარემოს დაცვის სენატორმა კატარინა ფეგებანკმა (მწვანეთა პარტია). 

მგლის ადგილსამყოფელი მუდმივად დაფიქსირებული იქნება გადამცემის გამოყენებით, რაც მონადირეებს საშუალებას მისცემს ნებისმიერ დროს სწრაფად ჩაერიონ. ჰამბურგის გარემოს დაცვის სააგენტოს განცხადებაში განმარტებულია, რომ LIFE Wild Wolf პროექტის მიზანია მგლების „ბალანსირებული“ პოპულაციის შენარჩუნება. მისი მიზანია „ადამიანების უნარის გაუმჯობესება, გაუმკლავდნენ მათ ხშირად მოულოდნელ გამოჩენას“. მგელი ნადირობის ფედერალურ რეგულაციებში მხოლოდ მარტის ბოლოს შევიდა.

60 წლის ქალი, რომელსაც მგელმა სახეში უკბინა, ამბულატორიულ მკურნალობას გადიოდა. გარემოს დამცველები მგლის მიერ ქალის კბენას ეჭვქვეშ აყენებენ. შესაძლოა, რომ ქალს მგელმა თათი გაჰკრა და ტრავმა მიაყენა. ასევე შესაძლოა, რომ მგელი ქალს დაეჯახა და წააქცია, რის შედეგადაც ქალმა დაზიანება მიიღო, - ამბობენ ისინი.