აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის მიერ გაცემული შეფასება გამოაქვეყნა.

თერაპევტი ჯოშუა საიმონსი წერს, რომ 59 წლის ვიცე-პრეზიდენტის ჯანმრთელობა შესანიშნავ მდგომარეობაშია, მას აქვს როგორც ფიზიკური, ისე მენტალური სიმტკიცე პრეზიდენტის მოვალეობის შესასრულებლად.

აქვე აღნიშნულია, რომ კამალა ჰარისს უვლინდება სეზონური ალერგიები და ურტიკარია, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

თერაპევტის დასკვნით, კამალა ჰარისს არ აქვს დიაბეტი, არ აწუხებს წნევა, მაღალი ქოლესტერინი ან გულის დაავადებები. რაც შეეხება გენეტიკურ დაავადებებს, დედის მხრიდან ნათესავებში ფიქსირდება ნაწლავის კიბო, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი პრევენციულ რეკომენდაციებს მიჰყვება და კვლევებს რეგულარულად იტარებს.

ვიცე-პრეზიდენტი პერიოდულად და ზომიერად მოიხმარს ალკოჰოლს და საკმაოდ დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, აქტიური ცხოვრების წესს მისდევს.