ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, სერბეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, შეზღუდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ევროკავშირის გზაზე უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია.
„სერბეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, შეზღუდოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ევროკავშირის გზაზე უკან გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. ისეთ დროს, როდესაც გაფართოებაში დიდი პროგრესია, როდესაც მონტენეგრო და ალბანეთი სწრაფად მიიწევენ წინ, სერბეთი რისკავს საპირისპირო მიმართულებით წასვლას. ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა“, – წერს მარტა კოსი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, სერბეთის პარლამენტმა სასამართლო კანონმდებლობაში ცვლილებები მიიღო. კერძოდ, კანონი ამცირებს საპროკურორო საბჭოს უფლებამოსილებებს, რომელიც პროკურორებს ირჩევს. ასევე, ორგანიზებული დანაშაულის პროკურატურის 20 პროკურორიდან თერთმეტს იმ პროკურატურებში დააბრუნებენ, საიდანაც დროებით იყვნენ გადმოყვანილი. ამ ორგანომ ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის ყოფილ და მოქმედ მინისტრებს კორუფციაში დასდო ბრალი.
სერბი ექსპერტები ცვლილებებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ახალი კანონის შედეგად ორგანიზებული დანაშაულის პროკურორთა უმეტესობას უფლებამოსილება შეუწყდება, რაც მიმდინარე საქმეების შეჩერებას ან შეფერხებას გამოიწვევს.
The vote of Serbia’s Parliament to limit the independence of the judiciary is a serious step back on Serbia's EU path.
— Marta Kos (@MartaKosEU) January 28, 2026
At a time of great progress for enlargement, when Montenegro & Albania are moving fast, Serbia risks taking the opposite direction. This is not what we want.




