უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა ევროპაში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეჭვგარეშეა, რომ ამ ომის აუცილებლობამ უკრაინელებს ახალი ტაქტიკის, ახალი მეთოდების, ახალი აღჭურვილობისა და ტექნოლოგიების შემუშავებისკენ უბიძგა, რაც ქმნის ერთგვარ ჰიბრიდულ, ასიმეტრიულ ომს. ეს შთამბეჭდავია. ეს ეჭვგარეშეა. ვგულისხმობ, თუ შევხედავთ, რუსები თვეში ხუთჯერ მეტ ჯარისკაცს კარგავენ, ვიდრე უკრაინელები. უკრაინა უფრო პატარა ქვეყანაა და უფრო მცირე არმია ჰყავს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ევროპაში ყველაზე ძლიერი და ყველაზე მძლავრი არმიაა. ცხადია, ნაწილობრივ იმ დახმარების გამო, რაც მათ მიიღეს, მაგრამ ასევე იმ საბრძოლო გამოცდილების გამო, რაც შეიძინეს”,- განაცხადა რუბიომ.

ამასთან, რუბიოს თქმით, დონალდ ტრამპს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს და აშშ მზადაა, ამისთვის ყველაფერი გააკეთოს.

„პრეზიდენტს უბრალოდ სურს, რომ ომი დასრულდეს. მისი აზრით, ეს გიჟური ომია. და მართალია. ორივე მხარეს ადამიანები მასობრივად იღუპებიან. უკრაინას ორი ათწლეული დასჭირდება აღსადგენად. რუსეთის ეკონომიკისთვის მიყენებული ზიანი უზარმაზარია. რუსები თვეში 15-20 ათას ჯარისკაცს კარგავენ. ეს დაღუპულების რაოდენობაა და არა დაჭრილების. ეს ცუდი ომია. ჩვენ მზად ვართ, პრეზიდენტიც მზადაა, მისი გუნდიც მზადაა,რომ ხელი შევუწყოთ ომის დიპლომატიურ დასრულებას.

სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეში გარკვეული მიზეზების გამო იმპულსი დავკარგეთ: უკრაინელები სულ უფრო მეტად დარწმუნებულები არიან თავიანთ პოზიციაში ბრძოლის ველზე, მათ ზამთარი გადაიტანეს, რუსებიც ცოტა ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან ნავთობის ფასი გაიზარდა. თუმცა იმედი გვაქვს, იქნება ეს ვლადერ პუტინის განცხადება თუ სხვა რამ, მალე მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც ორივე მხარე კვლავ ჩაერთვება პროცესში. ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ შუამავლის როლი და ეს კონფლიქტი დავასრულოთ. ვფიქრობ, მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია. თუ ვინმე სხვას სურს, სცადოს. სცადოს, მაგრამ ორივე მხარე გვეუბნება, რომ ერთადერთი ჩვენ ვართ, ვისაც ეს შეუძლია. საბოლოოდ, პრეზიდენტს სურს, რომ ომი დასრულდეს. და თუ არის რამე, რისი გაკეთებაც მას და ჩვენ შეგვიძლია ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებლად გავაკეთებთ“,- განაცხადა რუბიომ.