აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან ირანის საკითხი დააყენა, თუმცა მისთვის დახმარება არ უთხოვია.

„ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ, რათა ნათლად გაგვეცხადებინა ჩვენი პოზიცია და მათთვის გასაგები ყოფილიყო, რადგან ეს ლოგიკურია. ჩვენ ამაზე ვისაუბრებდით იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დომინანტურია ეს საკითხი“, – განაცხადა აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ-ის პოზიცია „ძალიან ნათელია“, ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის ფლობა.

კითხვაზე, ეთანხმება თუ არა ჩინეთი ამ პოზიციას, რუბიომ უპასუხა, რომ ჩინეთმა გაიმეორა თავისი წარსული პოზიცია, ირანი არის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების ხელმომწერი და „ამიტომ მათ არ უნდა ჰქონდეთ ბირთვული იარაღი“.

„მათ ეს საკითხი დღესაც გაიმეორეს, შესაძლოა, არა ისეთი მტკიცედ, როგორც მე ვამბობ, მაგრამ წარსულში ეს ნამდვილად გაიმეორეს“, – თქვა მან.

რუბიომ დასძინა, რომ არცერთ ქვეყანას არ სურს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს, მაგრამ აშშ „ცდილობს, რამე მოიმოქმედოს ამასთან დაკავშირებით“.

რუბიოს თქმით, ორივე ქვეყანა თანხმდება, რომ ჰორმუზის სრუტე არ უნდა იყოს მილიტარიზებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია.