უკრაინის მხრიდან ბალტიის ზღვაში რუსულ გემებზე თავდასხმა გონივრული არ იქნებოდა, – ამის შესახებ განცხადება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გააკეთა.
მისი თქმით, ასეთმა თავდასხმამ შესაძლოა, მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.
ესტონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჰკითხეს, გააფრთხილა თუ არა ესტონეთმა უკრაინა ბალტიის ზღვაში თავდასხმების განხორციელების შესახებ, რაზეც მარგუს ცაჰკნამ უპასუხა, რომ გონივრული იქნებოდა, ეს არ მომხდარიყო.
„რუსეთის გაზისა და ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 60 პროცენტზე მეტი ფინეთის ყურეში გადის და ეს უზარმაზარი მოცულობაა, განსაკუთრებით ექვსი საზღვაო მილის სიგანის დერეფანში. ჩვენ არ გვითქვამს „აქ არ მოხვიდეთ“, მაგრამ ეს გონივრული იქნებოდა, რადგან ამან (რუსულ ტანკერებზე თავდასხმამ) შეიძლება, ბალტიის ზღვაში სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მარგუს ცაჰკნამ აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს უფლება, გაანადგუროს სამხედრო და სტრატეგიული სამიზნეები რუსეთის ტერიტორიაზეც კი, თუმცა რაც შეეხება საერთაშორისო წყლებს, მისი თქმით, ეს განსხვავებული საკითხია.
„მოდით, ვიყოთ გულახდილები: უკრაინას უფლება აქვს, რუსეთის ტერიტორიაზეც კი გაანადგუროს სამხედრო და სტრატეგიული სამიზნეები. საერთაშორისო წყლები ცოტა სხვა საკითხია, მაგრამ თურქეთი საკმაოდ ხმამაღალი იყო, როდესაც ამ ორ ნავთობტანკერს თავს დაესხნენ – კერძოდ, იმიტომ, რომ ეს თურქეთის ეკონომიკურ წყლებში მოხდა და არა სრულად საერთაშორისო წყლებში“, – აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მედიის ცნობით, უკრაინელები საზღვაო დრონებით შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს მცურავ ორ ცარიელ სანქცირებულ რუსულ ნავთობტანკერს თავს ორი დღის წინ დაესხნენ. გავრცელებული ინფორმაციით, წყაროებმა უკრაინულ მედიას განუცხადეს, რომ მათ 70 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობის გადაზიდვა და სანქციების გვერდის ავლა შეეძლოთ და ტვირთის ასაღებად რუსეთის ნოვოროსიისკის პორტისკენ მიემართებოდნენ.
თარგმანი: პირველი არხი




