აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ არ სჯერა, რომ „ჰეზბოლასა“ და ისრაელს შორის ბრძოლა გარდაუვალია, თუმცა ის კვლავ შეშფოთებულია გოლანის მაღლობებზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ შესაძლო ესკალაციის გამო. იუწყება Reuters.

დაძაბულობა გაიზარდა 27 ივლისის შემდეგ, როდესაც გოლანის მაღლობებზე საჰაერო თავდასხმის შედეგად ფეხბურთის მოედანზე 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა ბავშვი. ისრაელმა დაადანაშაულა ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა და პირობა დადო, რომ დაჯგუფებას ხისტ პასუხს გასცემს. „ჰეზბოლა“ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

სააგენტოს წყარომ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა შეაჩეროს ისრაელი, არ დესხას ლიბანის დედაქალაქ ბეირუთს ან მთავარ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას გპლამის მაღლობებზე დარტყმის საპასუხოდ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიხილეთ ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ბევრი აქტიურობა და შეშფოთებულები ვართ, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს ფართომასშტაბურ ბრძოლაში, მე არ მჯერა, რომ ეს ომი გარდაუვალია. ჩვენ ვისურვებდით, რომ ამის დიპლომატიური გზით დარეგულირება ვიხილოთ“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა მანილაში ვიზიტის დროს, პრესკონფერენციაზე.