პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მალე გამოაცხადებს 2,3 მილიარდი დოლარის დამატებით დახმარებას უკრაინისთვის, რომელიც მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, საბრძოლო მასალას Patriot–ის და სხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის,– ამის შესახებ AP იუწყება.

დამატებითი დახმარების შესახებ განცხადება პენტაგონში ოსტინის უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან შეხვედრის დროს გაკეთდა.

”აშშ მალე გამოაცხადებს 2,3 მილიარდ დოლარზე მეტ ახალ დახმარებას უკრაინისთვის,” - თქვა ოსტინმა უმეროვთან შეხვედრის დასაწყისში.

"ეს პაკეტი... უზრუნველყოფს მეტ საჰაერო თავდაცვას, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა კრიტიკულ საბრძოლო მასალას",– თქვა მან.

ეს განცხადება იყო მკაფიო პასუხი კიევის თხოვნაზე დახმარების შესახებ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას განაცხადა, რომ რუსეთმა მხოლოდ გასულ კვირას უკრაინის ტერიტორიაზე 800-ზე მეტი ძლიერი მართვადი ბომბი ჩამოაგდო. მან დასავლეთის ლიდერებს მოუწოდა, შეემსუბუქებინათ შეზღუდვები დასავლური იარაღის გამოყენებაზე რუსეთში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად. კერძოდ, მან თქვა, რომ უკრაინას სჭირდება „აუცილებელი საშუალებები, რათა გაანადგუროს ამ ბომბების მატარებლები, კერძოდ, საბრძოლო თვითმფრინავები, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“.