ლატვიის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ იანის ადამსონსს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 8,5 წლით პატიმრობა მიესაჯა, – იუწყება უკრაინული მედია.
საქმეში მეორე დამნაშავეა კგბ-ს თანამშრომელი გენადი სილონოვი, რომელსაც შვიდი წლით პატიმრობა მიესაჯა.
არც ერთმა ბრალდებულმა არ აღიარა დანაშაული, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ.
სასამართლოს განჩინებაში ნათქვამია, რომ ადამსონსი „მიზანმიმართულად აგროვებდა დახურულ ინფორმაციას“ და სილონოვის გზით გადასცემდა ფსბ-ს. საქმე ეხება ინფორმაციას „ლატვიის სახელმწიფო დაწესებულებების, სამართალდამცავი ორგანოებისა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების მუშაობის, ასევე სახელმწიფო თავდაცვის სისტემის შესახებ“. ადამსონს ასევე ბრალი ედება თაღლითობაში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვაში.
ადამსონსი 2021 წლის ზაფხულში დააკავეს. მას რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ორმოც ეპიზოდში წაუყენეს ბრალი. დეკემბერში ლატვიის სეიმმა ადამსონსს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და გენერალურ პროკურატურას უფლება მისცა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.
საბჭოთა პერიოდში ადამსონსი სამხედრო-საზღვაო ფლოტში მსახურობდა, ის სახალინზე შტაბის უფროსის მოადგილე იყო სადაზვერვო სამუშაოს სფეროში. 1992 წელს ის დაბრუნდა ლატვიაში, სადაც ეკავა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილის, სასაზღვრო სამსახურის მეთაურის, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები.