უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგის თქმით, რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმება დასრულებასთან "ძალიან ახლოს არის".
კელოგმა რეიგანის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე თქვა, რომ ომის დასრულების მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა, რაც ყოველთვის ყველაზე რთული ნაწილი იყო.
მისი განმარტებით, ორი მთავარი გადასაწყვეტი საკითხი ამჟამად არის დონბასის რეგიონისა და ზაპოროჟიეს ატომური სადგურის მომავალი.
"ეს ორი საკითხი თუ მოვაგვარეთ, ვფიქრობ, სხვა ყველაფერი მარტივად გამოვა. ჩვენ ძალიან, ძალიან ახლოს ვართ" – თქვა კელოგმა.
გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 დეკემბერს ტრამპის მრჩევლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, ორსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა და მათთან ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას Axios ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Axios-ის მიხედვით, ზელენსკისთან ზარით დასრულდა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების სამდღიანი სერია, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის გავლენიან მაღალჩინოსნებსა და უკრაინის დელეგაციას შორის მაიამიში მიმდინარეობდა.







