რუსების სამხედრო გეგმაში მკაფიოდ არის ასახული  დონეცკის რეგიონზე სრული კონტროლის მოპოვება, დნეპროპეტროვსკის რეგიონში მაქსიმალურად წინ წაწევა და ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში საბრძოლო ოპერაციების გაგრძელება. მათ ეს არასდროს დაუმალავთ. 2026 წელს მათი მიზანი, საზღვრის გასწვრივ  ბუფერული ზონების ზომის გაზრდასთან, დონბასი და ზაპოროჟიეს რეგიონია, განაცხადა კირილო ბუდანოვმა და კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა მთელ ზაპოროჟიეს რეგიონს, უპასუხა: „ეს მათი ოცნებაა“.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსებს 2025 წლისთვის 403 000 ჯარისკაცის მობილიზაცია ჰქონდათ გეგმაში, მათ ეს დეკემბრის დასაწყისისთვის შეასრულეს და წლის ბოლომდე ისინი თავიანთი გეგმას დაახლოებით 103%-ით შეასრულებენ, ხოლო 2026 წლის განმავლობაში 409 ათასი კაცის გაწვევა აქვთ დასახული მიზნად.

კითხვაზე, რამდენ ხანს შეძლებს რუსეთი თავისი არმიის დაკომპლექტების ამ დონეზე შენარჩუნებას, ბუდანოვმა უპასუხა: „არ მინდა თქვენი გუნების გაფუჭება, შეხედეთ მოსახლეობის რაოდენობრივ მაჩვენებლებს და მიხვდებით, რომ თუ სურვილი იქნება,  ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“.

ბუდანოვი თვლის, რომ აგრესორს ამისთვის „საკმარისი“ ფინანსური რესურსები აქვს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული არმიის ადამიანური რესურსების მთავარი წყარო კონტრაქტორი ჯარისკაცები არიან.

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან კონტრაქტორი ჯარისკაცების დაქირავებასთან დაკავშირებით, მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ „ყირიმის დროებით ოკუპირებული ავტონომიური რესპუბლიკიდან და ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებიდან გაწვევის ყველა გეგმა 100%-ით შესრულდა“.

ამავდროულად, ბუდანოვი თვლის, რომ რუსეთის ეკონომიკური სირთულეები ბრძოლის ველზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ „ომის დასრულების შემდეგ მათ პოზიციაზე 100%-ით იმოქმედებს“.

მან ასევე განმარტა თავისი განცხადება ბოლო ინტერვიუდან, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ფანჯარა თებერვალში გაიხსნება.

„თეორიულად, ეს ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია როგორც რუსეთისთვის, ასევე უკრაინისთვის რაღაცის მისაღწევად. ეს განპირობებულია სამხედრო აქტივობით, გათბობის სეზონით და ასე შემდეგ“, - თქვა ბუდანოვმა (მიმდინარე წლის თებერვალში კირილო ბუდანოვი ვარაუდობდა, რომ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის ბოლომდე იქნებოდა მიღწეული - „აიპრესი“).

კიდევ ერთი კითხვა რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებზე შესაძლო აგრესიას ეხებოდა.

თქვენი აზრით, შესაძლებელია თუ არა ეს უახლოეს მომავალში? - ჰკითხეს ბუდანოვს.

ძირითადი გეგმის თანახმად, რუსეთი 2030 წელს ოპერაციების დასაწყებად მზად უნდა ყოფილიყო. ახლა გეგმები შეიცვალა და მზადყოფნის თარიღი უკვე 2027 წელია.  იმპერია მუდამ ზრუნავს თავის გავლენის და ტერიტორიების გაფართოებაზე. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთით ოკეანეებია, შემდეგ კი ამერიკა და ეს ვარიანტი არ განიხილება, რადგან პასუხი ძალიან მტკივნეული იქნება.  სამხრეთით ჩინეთია და მასთან ომი სრული კატასტროფა იქნება. ერთადერთი ვარიანტი ბალტიის  ქვეყნებია, - განაცხადა ბუდანოვმა კითხვაზე პასუხისას და დასძინა:

ჩვენთვის ცნობილი გეგმების მიხედვით, პოლონეთი ამჟამად განიხილება მხოლოდ დარტყმებისთვის, დაპყრობის გარეშე სამხედრო კამპანიისთვის.