აშშ-ში ჯერ არ შეუძლიათ დარწმუნებით თქმა, რამ გამოიწვია კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

კირბის თქმით, აშშ-ის ხელისუფლება უკრაინის ხელისუფლებასთან თანამშრომლობით არკვევს, რამ გამოიწვია კაშხლის ნგრევა.

შეკითხვას, იქონიებს თუ არა კაშხლის ნგრევა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე, კირბიმ უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.

უკრაინა აცხადებს, რომ რუსმა სამხედროებმა წინასწარ დანაღმული კაშხალი განზრახ ააფეთქეს. რუსეთი კი, რომელიც ობიექტს აკონტროლებს, ამტკიცებს, რომ კაშხალი უკრაინელების დივერსიის შედეგად დაინგრა.

ამერიკულმა ტელეარხმა NBC-მ სამ ანონიმ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით განაცხადა, რომ აშშ ემხრობა მოსაზრებას, რომ კაშხალი რუსულმა მხარემ ააფეთქა.