ეს არის მომენტი, რომელიც ევროპის უსაფრთხოებისთვის თაობაში ერთხელ ხდება და ჩვენ ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი წინ, – ამ სიტყვებით გახსნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში თავდაცვის სამიტი.

„უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ სწორის და არასწორის საკითხი. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქ წარმოდგენილი ყველა ქვეყნისთვის და ბევრი სხვისთვისაც“, – აღნიშნა სტარმერმა.

მისი განცხადებით, დღეს სამიტამდე გამართული მოლაპარაკებებისას მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ქვეყნების ჯგუფი იმუშავებს უკრაინასთან ერთად საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმაზე და შემდეგ ამ გეგმის განხილვა აშშ-სთან მოხდება.

სტარმერის თქმით, ეს საკითხი მან განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან გუშინ, ასევე პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტთა მაკრონთან და ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი პარასკევის შემდეგ.

„დღევანდელი შეხვედრა არის მაგიდის გარშემო გაერთიანების მომენტი, რათა ვიმსჯელოთ, როგორ შეგვიძლია, მივაღწიოთ სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას ერთად და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ დაცული ვართ ნებისმიერი მომავალი რუსული აგრესიისგან. ჩვენ ასევე განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია, აღმოვუჩინოთ უკრაინას მეტი მხარდაჭერა ახლა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საუბრობს მშვიდობაზე, ისინი განაგრძობენ თავიანთ უმოწყალო აგრესიას“, – განაცხადა სტარმერმა სამიტის გახსნისას.

მისი თქმით, მოკავშირეები უნდა შეთანხმდნენ, რა ნაბიჯები გადადგან, რათა უზრუნველყონ მშვიდობა სიძლიერით, რაც ყველასთვის იქნება სარგებლის მომტანი.

ლანკასტერ ჰაუსში მიმდინარე სამიტში უკრაინის პრეზიდენტთან და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის, რუმინეთის, კანადის ლიდერები, ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. აღსანიშნავია, რომ სამიტში არ მონაწილეობენ ბალტიის ქვეყნები. ბრიტანული მედიის ცნობით, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ლიდერები უკმაყოფილო არიან იმის გამო, რომ ისინი შეხვედრაზე არ მიიწვიეს. ლონდონში თავდაცვის სამიტის დაწყებამდე მათ კირ სტარმერი დისტანციურად ესაუბრა. როგორც გამოცემა „გარდიანი“ წერს, ლიეტუვის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ასტა სკაისგირიტემ ლიეტუვურ რადიოს განუცხადა, რომ სტარმემა ბალტიის ქვეყნებთან საუბარი ამის გამო ბოდიშის მოხდით დაიწყო. მოგვიანებით, ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ დაწერა, რომ მნიშვნელოვანია, ბალტიის სახელმწიფოები იყვნენ ჩართული ტრანსატლანტიკური კავშირების და ევროპის დაცვის გაძლიერებასთან ერთად.

თარგმანი: პირველი არხი