ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის პრესა ავრცელებს.
შვედური aftonbladet-ის ცნობით, სტოკჰოლმის პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება გაუპატიურების შესახებ საჩივართან დაკავშირებით და საქმეში ეჭვმიტანილი საფრანგეთის ნაკრების და „მადრიდის „რეალის" ვარსკვლავი კილიან მბაპეა.
მბაპე „პარი სენ-ჟერმენში" თანაგუნდელ, ამჟამად „ბაიერში" იჯარით განათხოვრებული ნორდი მუკიელესთან ერთად ოთხშაბათს კერძო თვითმფრინავით მოულოდნელად ჩაფრინდა სტოკჰოლმში და Bank Hotel-ში დაბინავდა. მომდევნო დღის საღამოს კი ის რესტორან Chez Jolie-ს და ღამის კლუბ V Wall-ს სხვებთან ერთად ეწვია. მათ შესვლისას მობილური ტელეფონები კონვერტებში მოათავსეს და ადმინისტრაციას მიაბარეს, შემდეგ კი უცხო თვალთაგან განმარტოვდნენ. მბაპემ სტოკჰოლმი პარასკევს დატოვა. ძიება კი მიმდინარეობს ხუთშაბათს სასტუმროში მომხდარ სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.
პროკურორი მარინა ჩირაკოვა, რომელიც წინასწარ გამოძიებას აწარმოებს, დეტალებზე არ საუბრობს.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ 10 ოქტომბერს სტოკჰოლმის ცენტრში დანაშაული დაფიქსირდა", - ამბობს ის.
aftonbladet-ი წერს, რომ მომჩივანი ერთია და მან საჩივარი ორი დღის შემდეგ შეიტანა.
კილიან მბაპე ტრავმის გამო დიდიე დეშამის განაცხადში არ მოხვდა და საფრანგეთის ნაკრები 10 და 14 ოქტომბრის შეხვედრებს მის გარეშე ატარებდა, თუმცა მან კრიტიკა დაიმსახურა იმის გამო, რომ თამაშების დღეებში თანაგუნდელების გვერდით არ იყო. პარასკევს შუადღისას სტოკჰოლმიდან იგი აიაჩოში (კორსიკა) ჩაფრინდა და შაბათ-კვირას იქ იმყოფებოდა, იქიდან კი მადრიდში გადაფრინდა. გაუპატიურებასთან დაკავშირებით შვედურ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას მან სიცრუე უწოდა.
სამშაბათს, 15 ოქტომბერს, პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის კომიტეტის მოსმენა უნდა გაიმართოს ჩემ და „პარი სენ-ჟერმენს" შორის არსებული ფინანსური დავის შესახებ, - განაცხადა მან და მიანიშნა, რომ მოსმენის წინა დღეებში მის წინააღმდეგ ჭორების აგორება შემთხვევითი არ უნდა იყოს.
„პარი სენ-ჟერმენი" კილიან მბაპეს განცხადებას ლაკონიურად გამოეხმაურა: „სამარცხვინოა. ჩვენ დავიცავთ ჩვენ კლასს და ღირსებას".