კატარის ხელისუფლებამ, რომელიც შუამავლობდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებას, ოფიციალურად გამოაცხადა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც მებრძოლები გაათავისუფლებდნენ სულ მცირე 50 ისრაელელ მძევალს. ღაზაში გამოცხადდება ოთხდღიანი პაუზა, რათა შესაძლებელი გახდეს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.
ამასთან, ისრაელი ციხიდან გაათავისუფლებს 150-მდე პალესტინელ პატიმარს - ქალებს და არასრულწლოვნებს;
„შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში მყოფი 50 სამოქალაქო პირის - ქალებისა და ბავშვების გათავისუფლებას ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ; შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე გათავისუფლებულთა რაოდენობა გაიზრდება“, - ნათქვამია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მოლაპარაკებებში კატარის ხელისუფლება ეგვიპტისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. ვაშინგტონი მანამდე იტყობინებოდა, რომ შეთანხმების აღსრულება დაიწყება დაახლოებით 24 საათში, მას შემდეგ, რაც ამის შესახებ კატარის ხელისუფლება გამოაცხადებს.