ასეთი განცხადება რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაუქმებულად გამოცხადებული რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულმა დამოუკიდებელმა მემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ, რუმინელ ჟურნალისტ იონ ქრისტოიუსთან საუბრისას გააკეთა.
საუბრის დროს, რომელიც 68 წუთი გაგრძელდა, იონ ქრისტოუმ და კალინ ჯორჯესკუმ საკითხების ფართო სპექტრის გარშემო ისაუბრეს, თუმცა ყველაფერი მსოფლიოში მიმდინარე ბობოქარ გეოპოლიტიკურ მოვლენებში რუმინეთის როლის და ადგილის და ამ მოვლენების რუმინეთზე გავლენის პრიზმაში იქნა განხილული.
კალინ ჯორჯესკუმ საუბრის დასაწყისში აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო და იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომლის გატარებაც ტრამპმა სწრაფი ტემპით დაიწყო, შეერთებული შტატები 100%-ით არის რუმინეთის პარტნიორი. მისი თქმით, ტრამპმა პირველივე ნაბიჯებით მიანიშნა, რომ მონროს დოქტრინის მკაცრი დამცველი იქნება და არ დაუშვებს ჩინეთის და ევროპის როლის გაზრდას ამერიკის კონტინენტზე (ჯორჯესკუმ პანამის არხის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან ერთად გრენლანდიაზე და მასთან დაკავშირებით დანიის, ნორვეგიის და საფრანგეთის პოზიციაზე მიუთითა და ამ კონტექსტში საბჭოთა ლიდერი ხრუშჩოვი და კუბის კრიზისიც გაიხსენა) და ამერიკის და ამერიკელი ხალხის უსაფრთხოების (ნაციონალური, ფინანსური, სასურსათო) და კეთილდღეობისთვის იბრძოლებს.
აქედან გამომდინარე, ჯორჯესკუმ აღნიშნა მსოფლიო ბატონობისთვის ზღვის, საზღვაო ვაჭრობის, პორტების მნიშვნელობა და ის პოტენციალი, რაც რუმინეთს, როგორც შავის ზღვის სანაპირო ქვეყანას და უმსხვილესი პორტის (კონსტანცა) მქონე ქვეყანას გააჩნია.
ჩვენ აქ შეგვიძლია ჩავერიოთ და ჩვენი თავი შევთავაზოთ ამერიკის ინტერესების ჩინეთის ინტერესებთან გამაერთიანებლის როლში, გავხდეთ მსხვილმასშტაბიანი მოთამაშეები, ვაფიქრებინოთ, რომ რუმინეთი ანგარიშგასაწევი ძალაა და იგი პარტნიორად უნდა განიხილონ. შეთავაზება მეტად საფუძვლიანია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ რუსეთმა უკრაინას პორტები წაართვა, - თქვა ჯორჯესკუმ და იქვე აღნიშნა, რომ რუმინეთი კასპიით, შემდეგ კი აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შავ ზღვაში შესული ჩინეთის და ამერიკის ინტერესების გარდა, გარკვეულწილად რუსეთის ინტერესების გამაერთიანებელიც შეიძლება გახდეს.
რუმინეთი ნატოს და ევროკავშირის წევრი ქვეყანა და აქედან გამომდინარე, მასთან პარტნიორობა უსაფრთხოა ამერიკისთვის, რუმინეთს კი პარტნიორობა ესაჭიროება და არა ისეთი დამოკიდებულება, როგორიც მის მიმართ აქვთ გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას და ესპანეთს - ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, რომ მისი ვასალი ვიყოთ და მათი შეკვეთები შევასრულოთ. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპს ნობელის პრემია უნდა და ყველაფერს იღონებს უკრაინაში ომის დასრულებისთვის თქვა ჯორჯესკუმ და განაგრძო:
„უკრაინა - გამოგონილი სახელმწიფოა. უკრაინა არის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ და ის დაიშლება და რუმინეთს უნდა ჰქონდეს პრეტენზია უკრაინის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე. ასეთივე პრეტენზიები ექნებათ უნგრეთს, პოლონეთს (ჯორჯესკუმ ინტერესის საგნად ლვოვი დაასახელა) და კარგა ხანია აქვთ რუსეთს (ჯორჯესკუმ მალოროსიაზე მიუთითა, თუმცა რუსეთი ღიად აცხადებს, რომ მისი ინტერესის საგანი მთელი უკრაინაა - „აიპრესი“), - თქვა ჯორჯესკუმ.
რა ინტერესი აქვს ტრამპს, რატომ შეეცდება ის იძულებას მშვიდობისთვის? - ჰკითხა იონ კრისტოუმ.
ომი წაგებულია. ამერიკელებმა ეს იციან და სურთ, რომ ღირსეულად გამოვიდნენ შექმნილი მდგომარეობიდან, - მიგო კალინ ჯორჯესკუმ.