საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა 10 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასამთავრებლად აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეულ ნებისმიერ შეთანხმებაში აუცილებლად უნდა იყვნენ ჩართულნი უკრაინა და ევროკავშირი.
კალასმა დაამატა, რომ მომდევნო ნაბიჯების განსახილველად იგი ორშაბათს, 11 აგვისტოს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას მოიწვევს.
"აშშ-ს აქვს ძალა, რომ რუსეთს მოლაპარაკებების სერიოზულად გამართვა აიძულოს. აშშ-სა და რუსეთს შორის ნებისმიერ შეთანხმებაში უკრაინა და ევროკავშირიც უნდა იყვნენ ჩართულნი, რადგან ეს უკრაინისა და მთლიანი ევროპის უსაფრთხოებას ეხება," თქვა კალასმა.
ცნობისთვის, 15 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკის შტატში ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას გეგმავს.
კალასის თქმით, "მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისკენ მუშაობის პარალელურად, საერთაშორისო სამართალი მკაფიოა: ყოველი დროებით ოკუპირებული ტერიტორია უკრაინას ეკუთვნის."
"შეთანხმებამ არ უნდა წარმოქმნას პლაცდარმი უკრაინის, ტრანსატლანტიკური ალიანსისა და ევროპის წინააღმდეგ დამატებითი რუსული აგრესიისთვის," დაამატა მან.