ამ დრომდე ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კალასს წერილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც, როგორც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება. მედია დაინტერესდა წერილის შინაარსით და ასევე იმით, რა შეიძლება იყოს მომდევნო ნაბიჯი.
„როგორც იცით, საქართველოსთან უვიზო რეჟიმი გვაქვს 2017 წლიდან, ეს არის დიდი სარგებელი, რომელსაც ევროკავშირი აძლევს ქვეყნებს. შესაბამისად, არის რეკომენდაციები, რომლებიც საქართველომ არ შეასრულა და ეს რეკომენდაციები მოცემულია ვიზალიბერალიზაციის შეფასების მეშვიდე ანგარიშში. თითოეულ მათგანს ახლა აქ არ წავიკითხავ, მაგრამ მაგალითისთვის, ხაზი რომ გავუსვათ ერთ-ერთს – საქართველოს მთავრობა იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს საქართველოს ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის ასოციაციის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, უფლება, მიიღო მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში და ასევე დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთი პუნქტია და ასეთი აქ რვა არის. თუ ამ რეკომენდაციების შესასრულებლად საქართველოს მთავრობას აქვს მიცემული ვადა აგვისტოს ბოლომდე, მაშინ ისმის კითხვა, შემდეგ რა რეაგირება გვექნება, თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდება? და მაშინ, როდესაც გვესმის, რომ ოპოზიციის რვა ლიდერიდან შვიდი დაპატიმრებულია, ეს ნამდვილად არ არის თანხვედრაში იმ პუნქტთან, რომელიც ახლახან მაგალითად მოვიყვანე.
ამ დრომდე ჩვენ ვინარჩუნებდით პოზიციას, რომ არ გვინდა, ტკივილი მივაყენოთ ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, რაც რეალურად აისახება მათზე. ამასთან ერთად, ეს ასევე არის ევროკავშირის სანდოობის საკითხი. თუ ჩვენ გვაქვს ეს სარგებელი და ბონუსი, რომელსაც ამ ქვეყანას ვაძლევთ, რომელიც პირობებს არ ასრულებს, მაშინ ასევე ამას ექნება შედეგი, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ მთავრობა არ ადგას ევროპულ გზას და არ უდგება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სერიოზულად“, – განაცხადა კაია კალასმა.
თარგმანი: პირველი არხი